კორონავირუსი და ბიზნესი

COVID-19 – ბიზნესის გამოწვევა და შესაძლებლობა

როგორი უნდა იყოს ბიზნესის პასუხი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ შედეგებზე? როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი? რა შესაძლებლობებს სთავაზობს აღნიშნული პანდემია ბიზნესს და სამყაროს?

პასუხები ამ კითხვებზე არც თუ ისეთი სწორხაზოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. არსებული გლობალური კრიზისის ფაზაში კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩინდა მდგრადი განვითარების ფუნდამენტური პრინციპების კომპანიების სტრატეგიაში ინტეგრირების აუცილებლობა.

პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ყველა კომპანიისთვის თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის დემონსტრირებისთვის. ცხადია, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მოსახლეობისა და დასაქმებულების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას (აქვე გასათვალისწინებელია, რომ, სამწუხაროდ, ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი ამ კრიზისულ მდგომარეობაში, კომპანიებმა კი მაქსიმალურად უნდა მოახერხონ ასეთ ადამიანებზე ზრუნვა).

ხშირად შეხვდებით გამონათქვამს, რომ სამყარო აღარ იქნება ისეთი როგორც პანდემიამდე იყო. ისმის კითხვა, ნუთუ გვინდა სამყარო იყოს „ისეთი როგორიც აქამდე იყო“? იქნებ სწორედ ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, რომ ვაქციოთ სამყარო უკეთესი ვიდრე აქამდე იყო. გავაძლიეროთ მდგრად განვითარებაზე ფოკუსირება, დავფიქრდეთ იმ კავშირზე, რომელიცაა დღევანდელ ეკონომიკურ შოკსა და იმ საკითხებს შორის, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, კლიმატის ცვლილება, უთანასწორობა და ჯანდაცვა.

რამდენიმე დღის წინ ვესწრებოდი ონლაინ შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა მდგრადი განვითარების ბიზნეს კავშირის ხელმძღვანელი პიტერ ბეიკერი, რომელმაც აღნიშნა, რომ რთულია ეკონომიკური პროგნოზების განხორციელება, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიები მდგრად განვითარებას უფრო სერიოზულად ეკიდებიან მსგავსი კრიზისების დროს: „WBCSD წევრი კომპანიების აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. კრიზისი ერთგვარი გამომაფხიზლებელი ზარივითაა, რომ ეკონომიკა რომელსაც ჩვენ, ყველა, აქამდე ვაშენებდით მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ გვაყენებს. ისე როგორც არასდროს, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების გათვალისწინება უნდა მოხდეს კომპანიების, მთავრობების და კაპიტალური ბაზრების გადაწყვეტილებების მიღებისა და მართვის დროს“ – აღნიშნავს პიტერ ბეიკერი.

რაც შეეხება აქციებსა და ინდექსებს მართლაც, რომ მდგრადი ინდექსების ღირებულება საშუალოდ 14%-ით არის შემცირებული. ნახაზზე ერთმანეთს შევადარე S&P500-ის და Dow Jones-ის პასუხისმგებლიანი ინდექსები. როგორც ხედავთ ორივეს შემთხვევაში პანდემიის პერიოდში გვაქვს შემცირება. მითითებულ წყაროში თქვენც შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მოიძიოთ ინდექსებზე და მეთოდებზე.

https://eu.spindices.com/indices/equity/dow-jones-sustainability-world-index

ერთობლივი (კოლექტიური) ლიდერობა პანდემიის დასაძლევად

მდგრადი განვითარების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ კრიტიკული მდგომარეობის დროს, ერთობლივი (კოლექტიური) ლიდერობა გადამწვეტია. მნიშვნელოვანია ბიზნესმა ფოკუსირება მოახდინოს ორ მნიშვნელოვან საკითხზე: მოკლევადიანი ბიზნესის გაჯანსაღების გეგმა და ასევე მდგრადი და მოქნილი მომავალი სისტემის შექმნა, რომელიც მზად იქნება მსგავს გამოწვევებს გაუმკლავდეს. 

ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს WBCSD-ის ძალისხმება და მათი „COVID-19 Response Program-ის“ პროგრამა, რომელიც 3 მიმართულებას ფარავს:

  1. მოქნილი და მდგრადი სასიცოცხლო მიწოდების ჯაჭვის მოკლევადიანი განვითარების გეგმა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვების სექტორზე და სისტემაზე;
  2. ე.წ. „ნორმალურ“ მდგომარეობაში დაბრუნების სცენარი: განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს დასაქმებულების ჯანმრთელობასა და ბიზნესის გაჯანსაღებაზე;
  3. გრძელვადიანი შედეგი: COVID-19-მა და არსებულმა კრიზისმა კარგად წარმოაჩინა ბიზნესის დაუცველობა და ე.წ. „stakeholder კაპიტალიზმის“ მნიშვნელობა.

ბოლო პუნქტში ერთ მნიშვნელოვან ტერმინს ვახსენებ: „stakeholder კაპიტალიზმი“. ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს მოწოდება, რომ წარსულს უნდა ჩაბარდეს shareholder კაპიტალიზმი, რაც გულისხმობს, რომ კომპანია მხოლოდ მის მფლობელების ინტერესებზე უნდა ზრუნდავდეს და დროა, ახალი მიდგომის, stakeholder  კაპიტალიზმის, რომელიც გულისხმობს, რომ კომპანია ზრუნავს ყველა დაინტერესებულ მხარეზე და ითვალისწინებს მათ ინტერესებს. ამ საკითზე შემდეგ სტატიებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს 2030-მდე 17 გლობალური მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს და საკმაოდ შორს ვართ საბოლოო მიზნისგან.

და ბოლოს, ახლა არ არის დასაკარგი დრო: ჩვენ გვაქვს როგორც კოლექტიური პასუხისმგებლობა, ასევე იდეალური შესაძლებლობა ვიყოთ ის თაობა, რომელიც სამყაროს განვითარებას სწორ, მდგრად რელსებზე დააყენებს. ამ კრიზისმა გვასწავლა და კიდევ გვასწავლის, რომ მდგრადი განვითარება უნდა გახდეს ბიზნესის სტრატეგიის ბირთვი. ამ კრიზისსაც გადავლახავთ ერთად დგომით და ერთმანეთის დახმარებით!


სტატია წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას.

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *