კორპორაციული

საზოგადოებრივი წნეხი, როგორც კორპორაციული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის (CER) ზრდის კატალიზატორი ტრანსნაციონალურ კორპორაციებში

მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრა, ბჰოპალის ეკოლოგიური კატასტროფა, სამი მილის კუნძულის (Three Mile Island) უბედური შემთხვევა, Exxon-Valdez-ის მიერ ნავთობის ჩაღვრა, სანდოზის ქიმიკატების ჩაღვრა, მინამატას ეკოლოგიური კატასტროფა, ლავ-კანალის (Love Canal) ეკოლოგიური ტრაგედია, ნილოსის დელტასა და გალაპაგოსის კუნძულებზე ნავთობის ჩაღვრა და სხვა – ასე გამოიყურება უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების არასრული ჩამონათვალი, რომელმაც გარემოსთვის მიყენებული მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება და აღსრულების მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ტრანსნაციონალურ კომპანიებს დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის, იბადება ლოგიკური კითხვა – არის თუ არა კორპორაციული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა (იგივე Corporate Environmental Responsibility ან CER) სავალდებულო ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, იმის მიუხედავად, რომ მასთან დაკავშირებული სამართლის ნორმები, როგორც წესი, რბილ სამართალს (soft law) წარმოადგენენ და ბუნებით არ არიან სამართლებრივად მბოჭავები?!

მართალია, CER არ არის სავალდებულო ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის მათი ნებაყოფლობითი ბუნებიდან გამომდინარე, თუმცა,  დღესდღეობით მაინც ვხედავთ ტენდენციას, რომ კორპორაციები უფრო და უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ CER-თან დაკავშირებულ აქტივობებზე და ამავდროულად, იზრდება ცალკეული დაინტერესებული მხარის ინტერესიც ამ საკითხის მიმართ. მაგალითად,  ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, BITC (Business in the Community) ყოველწლიურ ჯილდოებს გადასცემს იმ ბიზნეს კომპანიებს, რომლებიც წარმატებით ნერგავენ და ახორციელებენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და საზოგადოებრივი ჩართულობის პრაქტიკას.1 გარდა ამისა, წამყვანი ტრანსნაციონალური კორპორაციები თავიანთ ვებ-გვერდებსა და ანგარიშებში ადგილს უთმობენ CER-ის კუთხით განხორცელებულ აქტივობებსა და სტრატეგიებს. მაგალითად, თავის 2017 წლის ანგარიშში, BP-მა (British Petroleum) ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების პრობლემას და აღწერა, თუ როგორ უმკლავდება კორპორაცია გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს.2 თუკი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის CER ინიციატივები ნებაყოფლობითია და, შესაბამისად, შესაძლებელია CER პრინციპების უგულებელყოფა, საინტერესოა, თუ რა მოტივით „წუხდებიან“ კორპორაციები და ებმებიან CER ინიციატივებში.

განსაკუთრებით საინტერესო ხდება ზემოაღნიშნული მიზეზების ძიება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბიზნეს სექტორში პერმანენტულად მუსირებს აზრი, რომ გარემოსდაცვითი რეგულაციები ბიზნესისთვის ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს. უკანასკნელ ათწლეულში ეს დამოკიდებულება, გარკვეულწილად, შეიცვალა, რადგან ტრანსნაციონალური კორპორაციები მიხვდნენ, რომ საბაზისო ვალდებულებებზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას თავისი პრაგმატული მიზეზიც აქვს. მიზეზი კი არის რისკის მენეჯმენტი. კერძოდ, ბიზნეს სექტორი ახორციელებს CER ღონისძიებებს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი რეპუტაცია; კარგი რეპუტაციის წყალობით კი, ისინი თავიდან იცილებენ როგორც საზოგადოებისგან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან მომდინარე კრიტიკას თუ ცალკეულ ქმედებებს, ასევე მთავრობებისგან საკანონმდებლო ინტერვენციას დაწესებული რეგულაციების სახით, რამაც შეიძლება უკუეფექტი მოახდინოს კორპორაციების საქმიანობაზე.3 ამ პირობებში, CER ინიციატივების განხორციელება არის ტრანსნაციონალური კორპორაციების ერთგვარი სტრატეგია სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი წნეხის საპასუხოდ. შესაბამისად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ რეგულაციის ეფექტურობისთვის არ არის სავალდებულო, რომ ის სამართლებრივად მბოჭავი და აღსრულებადი იყოს. კერძოდ, როდესაც სამართლებრივი სტანდარტები არ არის მოქნილი, ბუნდოვანია და არააღსრულებადი, ამ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კორპორაციის კულტურა და მომხმარებელთა წნეხი.

საზოგადოებრიცი წნეხი და სოციალური ლიცენზია

დარგის ერთ-ერთი სპეციალისტის, ჯენიფერ ზერკის განცხადებით, ზოგადად, CSR-ის (იგივე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებობა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს CER) მთავარ მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ დიდი თუ პატარა კორპორაციების დარწმუნება იმაში, რომ მათ იმაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვიდრე კომპანიისთვის მხოლოდ შემოსავლის შემოტანაა.4 მართლაც, CSR-ის მოძრაობამ, ზოგადად, დადებითი გავლენა მოახდინა ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობაზე, თუმცა ეს გავლენა დიდი და პატარა კომპანიებისთვის თანაბარად მნიშვნელოვანი არ არის. აღსანიშნავია გარი ლინჩ-ვუდისა და დევიდ ვილიამსონის ნაშრომი, სადაც მათ ერთმანეთისგან განასხვავეს დიდი და პატარა კომპანიები და დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ტიპის ინდუსტრია უფრო მეტად ემორჩილება CSR-ის მოთხოვნებს, რაც გამომდინარეობს კომპანიის სიდიდიდან და მის ხელთ არსებული რესურსებიდან.5 კერძოდ, მათი თქმით, სიდიდესა და რესურსებს შორის განსხვავების მიხედვით, ზოგ კომპანიას იმაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მისგან მოელიან. მაგალითად, ითვლება, რომ პატარა ფირმებისთვის ნაკლებად მომგებიანია მათ კომპანიებში გარემოსდაცვითი რეგულაციების დანერგვა. მათგან განსხვავებით, დიდი კომპანიები უფრო იღწვიან, ჰქონდეთ გარემოს დაცვის კუთხით პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის რეპუტაცია, რის გამოც მათთვის მისაღებია ხარჯის გაღება და იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე მათ მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებთ. ეს არგუმენტი საფუძვლიანია, რადგან პატარა კომპანიებისგან განსხვავებით, დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც სენსიტიურ ინდუსტრიებში მუშაობენ (მაგალითად, სამთო-სამრეწველო, ნავთობმომპოვებელი, ან ქიმიკატების ინდუსტრიები), ხშირად არიან გარემოსდაცვითი ჯგუფებისა და ადგილობრივი თემების დაკვირვების ქვეშ. მაგალითად, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Global Exchange, Greenpeace და CorpWatch, რეგულარულად ააშკარავებენ ტრანსნაციონალური კორპორაციების გადაცდომებს. შედეგად, საჯარო დაკვირვებისა და სოციალური წნეხის მნიშვნელოვანი როლი იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ძალა, რომ გავლენა იქონიონ ხალხის აზრზე, აიძულონ მთავრობები გამოსცენ უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციები, ისეთი გავლენა მოახდინონ მომხმარებლებზე, რომ გარკვეული პროდუქტის მიმართ ბოიკოტი გამოცხადდეს. აღსანიშნავია Shell-ის მაგალითი – იმის მიუხედავად, რომ კომპანიას ერთ-ერთი პროექტის განხორციელებაზე თანხმობა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან, გარემოსდაცვითი ჯგუფების მიერ განხორციელებული წნეხის შედეგად, მათ მაინც გადაწყვიტეს გეგმების შეცვლა. ამგვარ დათმობებზე კორპორაციები ე.წ. „სოციალური ლიცენზიის“ მიღების მიზნით მიდიან. სოციალური ლიზენცია არის კონკრეტული კომპანიის ან ინდუსტრიის ბიზნესსაქმიანობის ერთგვარი მიმღებლობა მათი დასაქმებულების, საზოგადოების და სხვა დაინტერესებული პირების მიერ. ითვლება, რომ სოციალური ლიცენზია, როგორც წესი, კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიებს აქვთ. სოციალური ლიცენზიის მიღება იმდენად მნიშვნელოვანი გახდა სენსიტიურ ინდუსტრიებში მომუშავე ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, რომ მის მოსაპოვებლად და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაძლო საჯარო კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, ისინი თვითრეგულაციას და ამ თვითრეგულაციის ფარგლებში ქცევის კოდექსის მიღებასაც კი არ ერიდებიან.6

გარდა რეპუტაციაზე ზრუნვისა, გარემოს დაცვის კუთხით უფრო მეტი ლეგიტიმაციის მოპოვების მიზნით, კორპორაციები ტრანსპარანტულობას/ გამჭვირვალობას მიმართავენ, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად არის ტრანსპარანტულობა კომპანიის CER საქმიანობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ ის კომპანიები, რომლებსაც ტრანსპარანტულობის მაღალი ხარისხი აქვთ, რეალურად უფრო კარგად ასრულებენ თავიანთ საქმიანობას გარემოსდაცვითი კუთხით.7 შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ ტრანსპარანტულობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის აფიშირებით ტრანსნაციონალური კორპორაციები ცდილობენ, მათი გადაცდომები (რომლებიც შესაძლოა არც შეცვალონ) საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახადონ და კეთილსინდისიერი კომპანიის იმიჯი შეინარჩუნონ, რადგან მათ არ დამალეს და თავად გამოააშკარავეს კომპანიისთვის საზიანო ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ლიცენზიის თანამდევ წნეხს ეფექტი აქვს ისეთ დიდ ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე, რომლებიც სენსიტიურ ინდუსტრიებში მოღვაწეობენ. სოციალური ლიცენზიის მოპოვების, ანუ საზოგადოების მიერ მათი ბიზნესსაქმიანობის ერთგვარი მიმღებლობის სურვილიდან გამომდინარე, ამგვარი კორპორაციებისთვის, CER ნებაყოფლობითი აღარ არის. მათთვის CER-ის ინიციატივები დე ფაქტო სავალდებულო ხდება კარგი რეპუტაციის მოპოვების მიზნით და სოციალური ლიცენზიიდან გამომდინარე მუდმივი დაკვირვების და სოციალური წნეხის გამო.

პოტენციური ეკონომიკური ზრდა

უფრო და უფრო მეტი ტრანსნაციონალური კორპორაცია ცდილობს მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელების დახმარებით. შესაბამისად, ისინი ცდილობენ ჩაებან CER ინიციატივებში იმ იმედით, რომ ამით მოიპოვებენ მეტოქეებზე უპირატესობას კონკურენტუნარიან გარემოში. დღემდე მიმდინარეობს დებატები იმის თაობაზე, ე.წ. „Good Corporate Citizenship“ (კარგი კორპორაციული მოქალაქეობა) კავშირშია თუ არა კომპანიის კარგ ფინანსურ მაჩვენებლებთან. დარგის რიგითი სპეციალისტები – ზერკი, ლინჩ-ვუდი და ვილიამსონი -ფიქრობენ, რომ CSR-ს შეუძლია ხანგრძლივ პერიოდში სარგებლის მოტანა. მათგან განსხვავებით, ცნობილი ეკონომისტი, მილტონ ფრიდმანი და მისი მიმდევრები, რომლებიც მისდევენ იდეოლოგიას „ბიზნესის ბიზნესი ბიზნესია (“the Business of Business is Business”),8 ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებას და ფიქრობენ, რომ აქციონერებისთვის სარგებლის მოტანის გარდა, სხვა რამეს და, მათ შორის, CSR-ს, ყურადღება არ უნდა მიენიჭოს. აქვე გასათვალისწინებელია ერთ-ერთი გამოჩენილი თანამედროვე მკვლევრის, ბარნალი ჩოდჰარის მოსაზრება, რომლის თანახმადაც თანამედროვე კორპორაციული სამართლის ერთადერთი მიზანი აღარ არის მხოლოდ შემოსავლის მაქსიმალიზაცია. ამის ნაცვლად, კორპორაციის მენეჯერებს ეძლევათ დისკრეცია, აქციონერების ფინანსური ინტერესების გარდა, სხვა ინტერესებიც მიიღონ მხედველობაში.9 გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პოზიტიურ კავშირშია ბიზნესის კარგ ოპერირებასთან, რაც ემპირიული კვლევით დასტურდება. კერძოდ, მარგოლისმა და ველშმა თავიანთ ემპირიულ კვლევაში გაზომეს CSR-ისა და კორპორაციის ფინანსური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ შორის პოზიტიური კავშირია.10 მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა აღნიშნულ კვლევაში გამოყენებულ ემპირიულ მტკიცებულებებსა და მეთოდოლოგიას ბოლომდე არ ვეთანხმებოდეთ, რადგანაც მარგოლისმა და ველშმა ვერ შეძლეს ეპოვათ არგუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა CSR-ისა და კორპორაციის ფინანსური მაჩვენებლების ნეგატიურ ურთიერთდამოკიდებულებას, ეს ავტომატურად ასუსტებს ფრიდმანის არგუმენტს, თითქოს CSR-ს ბიზნესზე ნეგატიური ფინანსური ეფექტი აქვს.

ფრიდმანი სწორი რომც იყოს და CSR-ს რეალურად რომც ჰქონდეს ნეგატიური ფინანსური ეფექტი, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები დღესდღეობით CSR-ს, და, შესაბამისად, CER-ს გვერდს მაინც ვერ აუვლიან. როგორც უკვე აღინიშნა, თუკი კორპორაციები თანხვედრაში არ იქნებიან ზოგადად, CSR-ის და კონკრეტულად, CER-ის მოთხოვნებთან, არსებობს ალბათობა იმისა, რომ საზოგადოებამ უბრალოდ, „გააუქმოს“ კომპანიის სოციალური ლიცენზია ან სოციალურმა წნეხმა აიძულოს კომპანია, შეცვალოს მისი საქმიანობა, როგორც ეს მოხდა  სხვადასხვა დროს Nike-ის, Exxon-ისა და Shell-ის შემთხვევებში გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. ეს კი ხაზს უსვამს, გარკვეულწილად მაინც, საზოგადოებრივი წნეხის ეფექტურობას. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი კუთხით CER-ი სავალდებულო არ არის, CER ინიციატივების განხორციელება თავსებადია ტრანსნაციონალური კორპორაციების ეკონომიკურ სტრატეგიებთან, რის გამოც, CER-ის ფარგლებში არსებული ღონისძიებების განხორციელება კომპანიებისთვის მომგებიანი და ჭკვიანური სვლაა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს CER-ის ინიციატივები, რომლებიც თავისი არსით რბილ სამართალს წარმოადგენენ, არ არის სამართლებრივად მბოჭავი და შესასრულებლად სავალდებულო კომპანიებისთვის. ზემოთქმულის მიუხედავად, უფრო და უფრო მეტი კორპორაცია ერთვება CER-ის ღონისძიებებში იმ მიზნით, რომ საზოგადოებისგან მოიპოვონ ე.წ. სოციალური ლიცენზია, რადგან CER-ს გააჩნია პრაქტიკული ეფექტები, რომლებიც აიძულებს გარკვეულ მგრძნობიარე/სენსიტიურ სექტორში მოღვაწე მსხვილ კორპორაციებს აწარმოონ საქმეები კორპორაციული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესაბამისად.  ამას, თავის მხრივ, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ CER-ის ინიციატივები დე ფაქტო სავალდებულოა გარკვეული ტიპის ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით CER-ის მიდგომები ბოლომდე ვერ წყვეტს პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ დარღვეულ გარემოსდაცვით და ადამიანის უფლებებთან, საყურადღებოა ჯონ კნოქსის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის გამოჩენილი ექსპერტის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, „თუკი ჩვენ დაველოდებით შეთანხმებას, რომელიც ყველა პრობლემას ერთბაშად გადაწყვეტს, ჩვენ დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი“.11 შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ყველა პრობლემას მოაგვარებდა, უფრო დიდი როლი ეკისრება ინდივიდუალურ მთავრობებსა და საზოგადოებას, რომ იზრუნონ გარემოსდაცვითი ინციატივების განხორციელებაზე, მათი აღსრულებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე, რათა ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საბოლოო მიზანს – გახდეს CER შესასრულებლად სავალდებულო მომავალში.


სქოლიო

1. Business in the Community accessed 6 September 2020.
2. BP Annual Report and Form 20-F 2017, ‘A Year of Strong Delivery and Growth’ (2017).
3. Neil Gunningham, ‘Corporate environmental responsibility: law and the limits of voluntarism’ (CUP, 2007).
4. Jennifer A. Zerk, Multinationals and Corporate Social Responsibility: Limitations and Opportunities in International Law (Cambridge University Press 2006).
5. Gary Lynch-Wood and David Williamson, ‘The Receptive Capacity of Firms—Why Differences Matter’ (2011) 23 Journal of Environmental Law.
6. UNCTAD, ‘The Social Responsibility of Transnational Corporations’, UNCTAD/ITE/IIT/Misc.21 (1999).
7. JA Aragón-Correa, et al., ‘The natural environmental strategies of international firms: old controversies and new evidence on performance and disclosure’ (2016) 30 The Academy of Management Perspectives.
8. Milton Friedman, ‘The Social Responsibility of Business is to Increase its Profits’ (1970).
9. Barnali Choudhury, ‘Serving two masters: Incorporating Social responsibility into the corporate paradigm’ (2009) 11 University of Pennsylvania Journal of Business Law.
10. Joshua D. Margolis and James P. Walsh ‘People and Profits? The Search for a Link between a Company’s Social and Financial Performance’ (2001) Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum Associates
11. John Knox, Statement on Transnational Corporations and Environmental Harm (2014).

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: კორპორაციული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის („CER“) სამართლებრივი ჩარჩო ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის.

ლარა ნაჭყებია

ლარა ნაჭყებია

ლარა ნაჭყებია არის თსუ-ს სამართლის მიმართულების კურსდამთავრებული, აქვს მოპოვებული საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი GIPA-ში, ხოლო შემდგომ, 2018-2019 წლებში გახდა University College London (UCL)-ის სავაჭრო და კომერციული სამართლის მაგისტრი. ამჟამად ლარა არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების დოქტორანტი. ლარას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში და არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami