ფოთლების
ფოტოს წყარო: https://www.bobvila.com/articles/burning-leaves/

ფოთლების დაწვის მავნებელი პრაქტიკა

ყოველ წუთში მილიონობით ფოთოლი ცვივა ხეებიდან, მათი დაწვა და ამ გზით თავიდან მოშორება დღეისათვის სტანდარტული პრაქტიკაა საქართველოში. თუმცა, ფოთოლთა ამ სახით განადგურება უსარგებლოა გარემოსთვის და მეტიც, ზიანს აყენებს მას. ამ სტატიაში განვიხილავთ მშრალი ფოთლების დაწვის რისკებს და მათი ალტერნატიული გამოყენების გზებს.

ფოთლების წვა, მშრალი იქნება თუ სხვა სახის (სველი, ნესტიანი), მავნებელია გარემოსთვის. უფრო კონკრეტულად, აბინძურებს ჰაერს, ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზრდის ხანძრის საშიშროებას. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ჩამოცვენილი ფოთლების ღია წესით დაწვა დასჯადი გახდა ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით. მსგავსი ფაქტების გამოვლენაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მუშაობს. კანონდარღვევაზე კი 500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული (ნარჩენების მართვის კოდექსი, 2020).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

ფოთლებში დაგროვილი ტენიანობის გამო, წვის პროცესი ნელა მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით მტვერს, ჭვარტლსა და სხვა მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის. ვისკონსინის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანახმად, ამ ნაწილაკებს შეუძლიათ ღრმად შეაღწიონ ფილტვის ქსოვილში და გამოიწვიონ ხველა, ხიხინი, ტკივილი მკერდის არეში, ქოშინი და ზოგჯერ გრძელვადიანი სუნთქვის პრობლემები.

ფოთლის კვამლი შეიძლება ასევე შეიცავდეს საშიშ ქიმიკატებს, როგორიცაა ნახშირბადის მონოოქსიდი, რომელსაც შეუძლია შეუერთდეს სისხლში არსებულ ჰემოგლობინს და შეამციროს ჟანგბადის რაოდენობა სისხლსა და ფილტვებში. ფოთლის კვამლის შემცვლეობაში სხვა მავნე ქიმიკატია ბენზოპირენი, რომელიც ცხოველებში იწვევს კიბოს, ხოლო ადამიანებისთვის ითვლება, რომ სიგარეტის კვამლით გამოწვეული ფილტვის კიბოს მთავარი ფაქტორია. გარდა ამისა, ფოთლების კვამლის ჩასუნთქვამ შეიძლება გააღიზიანოს ჯანმრთელი მოზრდილების თვალები, ცხვირი და ყელი, მაგრამ ბევრად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ასთმის, ფილტვის ან გულის სხვა დაავადებებიანი ადამიანებისთვის.

ხანძრების საფრთხე

ფოთლების წვა საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას, ნიადაგსა და მცენარეულობას, გარდა იმისა რომ ბინძურდება ნიადაგი, წყალი და ჰაერი. ფოთლების წვით გამოწვეულმა ხანძრებმა შესაძლოა გაანადგუროს  მცენარეულობის ფასეული ტიპები, რადგან მისი გავრცელება საკმაოდ ადვილია. მცირემასშტაბიანმა ხანძრებმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი გარემოსდაცვითი პრობლემები. სპორადული ცალკეული ცეცხლის კერები, როგორც წესი, არ იწვევს დიდ დაბინძურებას, მაგრამ მრავალმა მცირე ზომის ხანძარმა ერთ გეოგრაფიულ არეალში შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის დამაბინძურებლების კონცენტრაცია, რომელიც აღემატება ჰაერის ხარისხის ზოგად სტანდარტებს. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს (U.S. Environmental Protection Agency (EPA)) თანახმად, ეზოს ნარჩენებისა და ფოთოლთა გროვის დაწვამ, რომელიც მიმდინარეობს თანადროულად, შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის დაბინძურება, რომელიც კონკურენციას უწევს ქარხნების, ავტომობილებისა და გაზონსაკრეჭი მოწყობილობის გამონაბოლქვის რაოდენობას (უილიამსონი, 2019).

ნიადაგის დაბინძურება

ნიადაგზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად განსხვავდება დაწვის სიხშირის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის, ასევე ნიადაგის მახასიათებლების მიხედვით. ნიადაგზე ხმელი ფოთლების დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ნიადაგის მინერალურ სტრუქტურაში ხანძრის მაღალი ტემპერატურის გამო, რაც ნიადაგის ქიმიურ სასუქებზე დამოკიდებულებას გააძლიერებს, ეს კი, კიდევ უფრო დააბინძურებს ნიადაგსა და მიმდებარე წყლის ობიექტებს. თუ წვის პროცესი დიდხანს გრძელდება, იწვის ნიადაგში შემავალი ორგანული ნივთიერებები, გარდა ამისა, იცვლება ნიადაგის თიხიანი ფენის სტრუქტურაც (Kukreja).

ჩამოცვენილი ხმელი ფოთლების გამოყენების ალტერნატიული გზები

ფოთლების დაწვის ყველაზე ეკო-მეგობრული ალტერნატივა მათი კომპოსტირებაა. მშრალი ფოთლების ინდივიდუალური დაშლა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თუ მას გავურევთ მწვანე მცენარეულ მასალასთან, როგორიცაა მოჭრილი ბალახი ან სხვა საყოფაცხოვრებო ორგანული ნარჩენები, ისინი დააჩქარებენ პროცესს. აგრეთვე, კარგი კატალიზატორია აზოტშემცველი როგორც კომერციული სასუქები, ისე ბუნებრივი – ნაკელისგან დამზადებული სასუქი. რაც მთავარია, კომპოსტირება აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, დაწვის შემთხვევაში კი პირიქით, ქვეითდებოდა მისი პროდუქტიულობა. კიდევ ერთი ვარიანტია, ფოთლების დაქუცმაცება და გაზონის, პარკების ან მცირე ბაღების მულჩირებისთვის გამოყენება. ამ დროს, აქტიურად მზარდი მცენარეები ირგვლივ იფარება 1,5-1,7 სმ-იანი მულჩის ფენით, ისე რომ ხელს უშლის ჰაერის ჩაღწევას ფესვებამდე, ინარჩუნებს ტენიანობას, აფერხებს სარეველების გამრავლებას და ინარჩუნებს ნიადაგის ზომიერ ტემპერატურას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Kukreja, R. (n.d.). ფოთლების დაწვა მავნებელია გარემოსთვის? Retrieved from https://www.conserve-energy-future.com/burning-leaves-bad-for-environment.php
  2. ნარჩენების მართვის კოდექსი. (2014, დეკემბერი 26). ნარჩენების მართვის კოდექსი. ქუთაისი. Retrieved from https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416?publication=1
  3. უილიამსონი, მ. (2019). ჩამოცვენილი ფოთლების დაწვა შეიძლება სახიფათო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. EarthTalk. Retrieved from https://www.thoughtco.com/health-effects-of-burning-leaves-1204092

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: მეცხოველეობის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

ერთი კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Close Bitnami banner
Bitnami