ფინური ქალაქები ნახშირბად ნეიტრალურობის გზაზე

სტატია ინგლისურიდან თარგმნა მერი თინიკაშვილმა.

ფინეთის ექვსმა ქალაქმა მიიღო ევროკომისიის აღიარება, როგორც მოწინავე ქალაქებმა კლიმატნეიტრალიტეტის გზაზე.

ევროკომისიის აღიარება ემყარებოდა იმ ამბიციურ პროექტებს, რომლებიც მიმდინარეობს ქალაქ ესპუში, ჰელსინკში, ლაჰტიში, ლაპეენრანტაში, ტამპერესა და ტურკუში. ქვემოთ ინდივიდუალურად იქნება განხილული თითოეულ მათგანში მიმდინარე მოვლენები ნახშირბად ნეიტრალურობის გზაზე.

ფოტო: Lauri Eriksson; ჰელსინკის ახალი მსუბუქი სარკინიგზო ხაზი, რომელმაც გახსნამდე უამრავი სატესტო გასვლა გაიარა.

ესპუ

ქალაქ ესპუში პრიორიტეტულია ენერგეტიკული და სატრანსპორტო გადაწყვეტილებები ნახშირბად ნეიტრალურობის გეგმის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, ქალაქს აქვს ვებ-გვერდი Espoo Climate Watch, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების/აქტივობების შესახებ, ონლაინ რეჟიმში აკონტროლებს მათ პროგრესს და აფასებს მათ გავლენას.

ფოტო: Elias Metsämaa/ქალაქი ესპუ

ამასთანავე, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ენერგეტიკული კომპანია Fortum, რომლის სათავო ოფისიც ესპოში მდებარეობს, მუშაობს ახალი თაობის ცენტრალიზებული თბომომარაგების სისტემის განვითარებაზე. როგორც ცნობილია, წარმოება, ძირითადად, დაფუძნებული იქნება ნარჩენების წვისგან გამომუშავებულ სითბოზე, თბურ ტუმბოსა და ელექტრო ქვაბებზე, მათ შორის, გამოიყენებენ ჭარბ სითბოს ახლომდებარე Microsoft-ის ახალი მონაცემთა ცენტრიდან.

რაც შეეხება სატრანსპორტო სისტემას, ახალი სარკინიგზო ხაზი ესპუს პირდაპირ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ჰელსინკთან დააკავშირებს და 2023 წლის დასასრულს ან 2024 წლის დასაწყისში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამას გარდა, 2022 წელს დედაქალაქის რეგიონის მეტროპოლიტენმა დასავლეთ ესპუში ხუთი ახალი სადგური გახსნა.

ჰელსინკი

ნახშირბად ნეიტრალურობის გეგმის მისაღწევად ქალაქი ჰელსინკი ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის სექტორზე, მშენებლობასა და სატრანსპორტო სისტემაზე. ქალაქის საკუთრებაში არსებულ მიწებზე მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შენობების აშენებაა ნებადართული. ამასთან, ახლო მომავალში დაგეგმილია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაბალნახშირბადიანი ბეტონის გამოყენება სავალდებულო გახდება.

ფოტო: Matti Pyykkö

ადგილობრივი ენერგეტიკული კომპანია, შპს ჰელენი, გეგმავს 2025 წლისთვის დახუროს ქვანახშირზე მომუშავე ქარხნები. გეოთერმული ჭაბურღილები კერძო საკუთრებისთვის დაშვებულია საზოგადოებრივ ადგილებშიც კი – ეს ერთგვარი სპეციალური შეღავათია ჰელსინკისთვის სხვა ქალაქებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ქალაქი სამშენებლო კომპანიებს ურჩევს გააკეთონ ენერგო-დამზოგველი სარემონტო სამუშაოები.

ჰელსინკი ვითარდება, როგორც პოლიცენტრული ქსელი, სადაც მგზავრთა გადაადგილება უმეტესად ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა ან ფეხით. ჰელსინკი გარდაქმნის თავის საველოსიპედო ქსელს  ინფრასტრუქტურული გამოცდილებისა და დანიისა და ჰოლანდიის საუკეთესო მაგალითების გაზიარებით. ქალაქი მიზნად ისახავს  სატრანსპორტო გამონაბოლქვის (ემისიების) შემცირებისთვის ახალი საშუალებების მოძიებას, რაშიც არსებული სიტუაციის ანალიზი დაეხმარება.

ლეპეენრანტა

ქალაქი ლაპეენრანტა არის გლობალური ნახშირბადის ნეიტრალური გადაწყვეტილებების ერთგვარი საცდელი ადგილი და მჭიდროდ თანამშრომლობს ლაპეენრანტა-ლაჰტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და ადგილობრივ კომპანიებთან.

ფოტო: Mikko Lemola

ქალაქმა 2010 წელს შეწყვიტა ბუნებრივი აირის გამოყენება ცენტრალური თბომომარაგების სისტემაში და მის ნაცვლად იყენებს ტყის მრეწველობის გვერდით ნაკადებს. ყველა საქალაქო სამსახური, განათლებიდან დაწყებული სპორტული ობიექტებით დამთავრებული, იყენებს მწვანე ელექტროენერგიას. ქალაქი ლაპეენრანტა მდებარეობს საიმას ტბის სანაპიროზე და თითქმის ყველა მოსახლე ცხოვრობს მწვანე ზონიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე.

საწვავის კომპანია St1 გეგმავს ფინეთის პირველი მწვანე მეთანოლის წარმოების ქარხნის ამუშავებას ლაპეენრანტაში. მწვანე მეთანოლი არის მდგრადი ნედლეული საწვავისა და პლასტმასის წარმოებაში. კომპანია Forus, რომელიც აფინანსებს ენერგეტიკულ ინვესტიციებს, გეგმავს 250 MVA მზის ელექტროსადგურის აშენებას ლაპეენრანტაში, რომელიც 150 000 ბინისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ლაჰტი

ქალაქ ლაჰტიში ადგილობრივმა ელექტროკომპანიამ, Lahti Energy-მ, ქვანახშირი ბიომასით შეცვალა. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობას, ნავთობით გათბობას თბური ტუმბო ურჩევნია.

ფოტო: Lassi Häkkinen

სატრანსპორტო სექტორიდან,  კომპანიები Lahti Energy და Nordic Ren-Gas სწავლობენ Power-to-Gas პროექტის მიზანშეწონილობას, რომელიც მოიცავს მწვანე წყალბადის და განახლებადი მეთანის წარმოებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე საგზაო მოწყობილობებისთვის.

ქალაქ ლაჰტის აქვს მნიშვნელოვანი ელექტრო სატრანსპორტო კლასტერი, სადაც 30-ზე მეტი ბიზნესი ჩართულია ტრანსპორტის დეკარბონიზაციისთვის მის ტექნოლოგიურად განვითარებაში. ქალაქში, ასევე, მოუწოდებენ მოსახლეობას ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილებისკენ და ავითარებენ მთავარ ველო ქსელს. ქალაქში ამოქმედებულია საქალაქო საველოსიპედო სისტემაც.

ტამპერე

ქალაქი ტამპერე ფინეთში მესამე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ქალაქში კლიმატის ცვლილების მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებები და მათი გავლენა, სტატისტიკურ ინფორმაციასთან ერთად, ასახულია ვებ-გვერდზე – Tampere Climate Watch, რაც უადვილებს ადგილობრივებს, პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს თვალი ადევნონ მიმდინარე მოვლენებს ამ მიმართულებით.

ფოტო: Laura Vanzo

Tampereen Sähkölaitos, ქალაქის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც აგრძელებს ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში. მან ცოტა ხნის წინ გახსნა Naistenlahti 3, ბიოენერგეტიკული ქარხანა, რომელიც აწარმოებს სითბოს და ელექტროენერგიას ძირითადად სატყეო ინდუსტრიის სხვადასხვა გვერდითი ნაკადებიდან.

ქალაქი მოუწოდებს მოსახლეობას, მოარგონ თავიანთი გადაადგილებისა და მოხმარების ჩვევები მათ საცხოვრებელ ადგილებში არსებულ ეკომეგობრულ შესაძლებლობებს. ტამპერეს განვითარება მოიცავს ქალაქის პირველი ტრამვაის სისტემის შექმნას, რომელიც 2021 წელს განხორციელდა და, ასევე, ახალი ველობილიკების გახსნას.

ტამპერე ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით ცდილობს წრიული ეკონომიკის სტიმულირებას. ამის მაგალითია შესყიდვის ინსტრუქციები საგზაო სამუშაოებისთვის, რომელიც მოიცავს გადამუშავებული მასალების გამოყენების აუცილებლობას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.

ტურკუ

ქალაქი ტურკუ ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, გააკეთონ კლიმატგონივრული არჩევანი, კერძოდ, სთავაზობს ნახშირბადნეიტრალურ ცენტრალიზებულ თბომომარაგების სისტემასა და ელექტროენერგიას. ასევე, დასახლებულ პუნქტებს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და კლიმატ-მეგობრული გასაქირავებელი საცხოვრებლებით.

ფოტო: Terri Vahtera

ქვანახშირი უკვე ჩანაცვლებულია განახლებადი ენერგიის წყაროებით. ცენტრალიზებული თბომომარაგების სისტემის დიდი ნაწილი კი, ჩამდინარე წყლებით გამომუშავებული სითბოთი მუშაობს. ქალაქი ცდილობს სტუდენტური სოფელი და კამპუსი ენერგეტიკული თვალსაზრისით პოზიტიურ ზონად გადააქციოს, მზის ელექტროსადგურებით, გეოთერმული ველებითა და თბური ტუმბოებით.

მაგალითისთვის, ქალაქი მჭიდროდ თანამშრომლობს ხუთივე ადგილობრივ უნივერსიტეტთან და კომპანიებთან. 2020 წელს ტურკუში გადაღებული ფილმი The Promise იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ნახშირბად-უარყოფითად წარმოებული ფილმი. ფილმის შექმნისას მოგზაურობა შემოიფარგლებოდა ფინეთით. აგრეთვე, კოსტუმების დიზაინი ეფუძნებოდა გადამუშავებულ ტანსაცმელსა და მასალებს. აღსანიშნავია, რომ ფილმში გამოიყენებოდა მხოლოდ ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები.

ავტორი Katja Alaja, ჟურნალი This is FINLAND (2023)

წყარო :

https://finland.fi/life-society/six-finnish-pioneers-in-carbon-neutrality


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *