მდგრადი მოდა

იქნება თუ არა ოდესმე მოდის ინდუსტრია მდგრადი?

მოდის ინდუსტრია მდგრადი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ინდუსტრიის მიერ წყლის მოხმარების დონე გაიზრდება 50%-ით, რაც შეადგენს 118 მილიარდ მ3 (31.17 ტრილიონი გალონი) წყალს, მისი ნახშირბადის ნაკვალევი გაიზრდება 2,791 მილიონ ტონამდე, ხოლო ნარჩენების რაოდენობა მიაღწევს 148 მილიონ ტონას. 

უკანასკნელ წლებში არაერთმა ბრენდმა და საცალო მოვაჭრემ დაიწყო მდგრადი მიდგომების დანერგვა თავის საქმიანობაში. კერძოდ, მათ წამოიწყეს ე.წ. მდგრადი ბამბის ინიციატივა წყლის, ენერგიისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირების მიზნით. შედეგად, 2012 წლის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში საცალო მოვაჭრეების ნახშირბადისა და წყლის ნაკვალევი ტანსაცმლის თითო ტონის მიხედვით 8 და 7%-ით შემცირდა. 

მართალია, მოდის ინდუსტრია ცდილობს თავისი ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირებას, თუმცა თავი იჩინა ახლმა პრობლემამ: მოხმარებამ. 2012 წლიდან დღემდე, მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, 10%-ით გაიზარდა შეძენილი ტანსაცმლის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ პრობლემა მდგომარეობს არა მხოლოდ შეძენაში, არამედ შეძენილი ტანსაცმლის გამოუყენებლობაში. ისევ, გაერთიანებული სამეფოს მაგალითის მიხედვით, დაახლოებით, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი ინახება გარდერობებში, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში არავის ცმია. 

სწრაფი მოდა სახელდება მოდის ინდსუტრიაში არსებული არამდგრადი ტექნოლოგიების ძირითად გამომწვევ მიზეზად. ამიტომაც, მიჩნეულია, რომ ნელი მოდა, რაც გულისხმობს მცირე რაოდენობის გამძლე ტანისამოსის შეძენას, შეძლებს მომხმარებელთა ქცევის შეცვლას. ნელი მოდა, ნელ-ნელა, დააქვეითებს მომხარებელთა სურვილს, რომ აყვნენ მოდის უკანასკნელ ტრენდებს და შეიძინონ ახალი ტანისამოსი, საჭიროების მიუხედავად.

თუმცა, ეთიკური მოხმარება, სამწუხაროდ, პრაქტიკულ დონეზე ვერ განხორციელდა მოდის ინდუსტრიაში. თავად ბრენდები, რომელთაც სურთ მდგრადი მიდგომების დანერგვა თავიანთ საქმიანობაში, ერთ-ერთ ბარიერად სწორედ მომხმარებლებს ასახელებენ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს, ცნობიერების დაბალი დონით, ან მდგრად პროდუქტში მეტი თანხის გადაუხდის სურვილის არქონით. 

შეუძლია თუ არა ეთიკურ მოხმარებას მეინსტრიმული მოდის ბაზარზე არსებობა? ფსიქოლოგიისა და ბიჰევიორული მეცნიერებების მიხედვით მოდის ეთიკური მოხმარება ოცნება უფროა, ვიდრე მიზანი. ადამიანები მივიჩნევთ, რომ ჩვენი მსყიდველობითი გადაწყვტილებები დამოკიდებულია რაციონალურ მსჯელობაზე, თუმცა, რეალურად, ადამიანის ქცევის კომპლექსურობისა და მოდის ფუნდამენტური ბუნებიდან გამომდინარე, ეთიკური მოხმარება შესაძლოა იქცეს მიუღწევად მიზნად. 

მოდა და ეგო

ჩვენი ქცევა ბევრად უფრო ეგოისტურია, ვიდრე ჩვენ გვგონია. მოხმარების რაციონალური მოდელი დაფუძნებულია დაშვებაზე, რომ ინდივიდები გადაწყვეტილებებს იღებენ ხარჯსა და სარგებელს შორის ბალანსის შენარჩუნებით. აქედან გამომდინარე, ეთიკური მომხმარებელი რაიმე პროდუქტის შესყიდვამდე რაციონალური განსჯის საფუძველზე დაადგენს აღნიშნული პროდუქტის ხარჯსა და სარგებელს როგორც მასზე, ისე გარემოზე. თუმცა, მოხმარება, კერძოდ კი მოდის მოხმარება, ძალიან ირაციონალურია. მსყიდველობითი გადაწყვეტილებები, ძირითადად, მიიღება სიამოვნებასა და სურვილზე დაფუძნებით. მოდა იგივე სოციალური აქტივობაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სტატუსს, მეორე მხრივ, მოდა, ასევე, დაფუძნებულია ემოციურ მდგომარეობაზეც, როგორიცაა ფანტაზია, სულიერი მღელვარება, უკეთესი ცხოვრებისკენ ლტოლვა. 

აღნიშნული ჰედონისტური ქვეცნობიერი ძალები ხდიან საყიდლებზე სიარულს სასიამოვნოსა და ამაღელვებელს. მეორე მხრივ, ისინი ამცირებენ რაციონალურ იმპულსებს და შედეგად, ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენი შენაძენის ეკოლოგიურ და ნახშირბადის ნაკვალევზე.

სწრაფი და ეთიკური მოდა

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოხმარებლებს შეუძლიათ მათი ქვეცნობიერი ძალების დათრგუნვა, თუ მათ ექნებათ სრულფასოვანი ინფორმაცია ეთიკური საკითხების შესახებ. თუმცა, როგორც კვლევებმა ცხადყო, სრულფასოვანი ინფორმაცია, პირიქით, უფრო ამცირებს ეთიკის საკითხების გავლენას მომხმარებლებზე, ვინაიდან, უფრო იკვეთება ამ საკითხების კომპლექსურობა.

კერძოდ, კომპლექსურობა კიდევ უფრო რთულდება შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებით, მაგალითად, ბამბა საზიანოა გარემოსთვის, მიკრობოჭკოვანი ქსოვილები წამლავს ოკეანეებს, ბამბუკი ეთიკურია (თუმცა, არ არის). როდესაც ექსპერტები ვერ თანხმდებიან რა არის კარგი ან ცუდი მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიებში, მოხმარებელსაც უფრო მეტი მოქნილობის საშუალება ეძლევა. 

უფრო რადიკალურ და ალტერნატიულ მიდგომად შეიძლება იმის დაშვება, რომ ადამიანები მოდას ყოველთვის იყენებდნენ თავიანთი ემოციური და ეგოისტური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე, ამ ირაციონალური და პირველყოფილი ქცევების კონტროლი უნდა ჩანაცვლდეს უფრო სისტემური და ეთიკური მიდგომებით. აღნიშნული მიდგომის იდეა კი მდგომარეობს არა კონტროლში, არამედ, აღიარებაში . 

ახალი ტანსაცმლის ყიდვის სურვილი ისეთი რამაა, რისი შეცვლაც თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, ნაცვლად მომხმარებელთა მოთხოვნილებების კრიტიკისა, ბრენდებმა უნდა განავითარონ ისეთი ახალი ტექნოლოგიები და პროდუქტები, რომლებიც იძლევა გადამუშავების საშუალებას წყლის, ენერგიის და ქიმიური ნივთიერებების მინიმალური რაოდენობის გამოყენებით. ამ მიდგომის საშუალებით ჩვენ შევძლებთ მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და ამავე დროს, ხელს შეუწყობს მოდის ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

წყარო: https://www.thefashionlaw.com/can-the-fashion-industry-ever-really-be-sustainable/ 

ავტორი: მარკ სუმნერი

თარგმანი: მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. 2 წელია აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილებისა და ასევე, მდგრადი განვითარების სფეროში. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos Tbilisi Local Chapter of oikos International-ის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami