წყარო: https://www.weforum.org/agenda/2018/01/how-to-do-business-with-doughnuts/ (ქართული ვერსია შექმნა ბექა ბაიაშვილმა)

რა მოხდება, როდესაც ბიზნესი გაეცნობა დონატს?

დონატი – ეს არის 21-ე საუკუნის ადამიანთა კეთილდღეობის ხედვა. მისი მიზანია არავინ დარჩეს დონატის ცენტრში ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებს მოკლებული, რაც გულისხმობს წყლის, საკვების, ჯანმრთელობის, განათლებისა და საცხოვრებლის ნაკლებობას. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სიცოცხლისთვის აუცილებელი ეს საჭიროებები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ არ გავცდეთ ეკოლოგიურ ჭერს. ეს უკანასკნელი კი გარშემორტყმულია იმ 9 საზღვრით, რომლებიც წარმოადგენს დედამიწის სიცოცხლის უზრუნველმყოფელ და ბალანსის შემნარჩუნებელ სისტემებს (Raworth, 2018).

დონატის ეკონომიკა

არსებული დისბალანსი

სამწუხაროდ, დღეს ძალიან შორს ვართ ამ ბალანსიდან. ზემოთ მოცემულია დონატის ეკონომიკის მოდელი. ცენტრში აღნიშნული წითელი არეალები აჩვენებს, თუ რომელ საჭიროებებს, რა მასშტაბებითაა მოკლებული დღეს მსოფლიო მოსახლეობა. ეკოლოგიურ ჭერს გარეთ აღნიშნული წითელი არეალები კი გვიჩვენებს პლანეტის რომელ საზღვრებს გადააბიჯა კაცობრიობამ, ესენია: კლიმატის ცვლილება, აზოტისა და ფოსფორის კონცენტრაციის ზრდა, მიწათსარგებლობის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა (Raworth, 2018).

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები და ნეგატიური შედეგები იზრდება, რაც უკავშირდება ანთროპოგენურ საქმიანობებს. კერძოდ, კაცობრიობამ 1970 წლიდან პლანეტის ველური ბუნების ორი-მესამედი გაანადგურა. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურების დონეს, WHO-ს მონაცემით, ბავშვების 90% ტოქსიკურ აირს ჩაისუნთქავს. გარდა იმისა, რომ მიწის დეგრადაცია საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას, წყლის რესურსების ნაკლებობამ, ფოსფორით დაბინძურებამ და ოკეანეების მჟავიანობამ საგანგაშო დონეებს მიაღწია მსოფლიოში. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიო მოსახლეობაში უმდიდრეს ადამიანთა 1% მსოფლიო სიმდიდრის ნახევარს ფლობს. ყველა ეს პრობლემა კი იმ აქტივობების შედეგია, რომლებითაც კაცობრიობამ ზიანი მიაყენა პლანეტას (Doughnut Economics Action Lab, 2020).

და რა მოხდება, როდესაც ბიზნესი გაეცნობა დონატს? როგორ შეუძლიათ კომპანიებს უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც დონატი გვაჩვენებს?

საჭიროა რეგენერაციული და გამანაწილებელი ბიზნესის შექმნა.

აქამდე მიღებული იყო არარეგენერაციული ინდუსტრიული სისტემა, რომელიც გულისხმობდა სწორხაზოვან ეკონომიკას: აიღე-შექმენი-გამოიყენე-გადააგდე. აღნიშნულ მოდელში მოვიპოვებთ დედამიწის რესურსებს პროდუქტის შესაქმნელად, რომელსაც ვიყენებთ გარკვეული პერიოდი და შემდეგ ვაგდებთ მას. სწორედ ამ დინამიკამ განაპირობა ის, რომ გავცდით პლანეტის საზღვრებს (Doughnut Economics Action Lab, 2020).

წრიული ეკონომიკა
სწორხაზოვანი და წრიული ეკონომიკის შედარება (ავტორი: ბექა ბაიაშვილი)

ჩვენ ეს სწორხაზოვანი სისტემა უნდა ჩავანაცვლოთ წრიული რეგენერაციული სისტემით. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაცალკევოთ ბიოლოგიური და ტექნიკური მასალები ერთმანეთისგან. ბიოლოგიურ მასალებს მივცეთ რეგენერაციის საშუალება, ხოლო ჩვენ მიერ შექმნილი მასალები აღვადგინოთ, შევაკეთოთ, ხელახლა გამოვიყენოთ, განვაახლოთ ან გადავამუშავოთ. სწორედ ეს არის წრიული ეკონომიკის მოდელი – რეგენერაციული სისტემა, რომელიც იყენებს განახლებად ენერგიას. აღნიშნული მოდელის მთავარი გასაღები არის პრინციპი – ერთი პროცესიდან მიღებული ნარჩენები გადაიქცეს შემდეგი პროცესის საკვებად (Doughnut Economics Action Lab, 2020).

მე-20 საუკუნის მეწარმეობა მოიცავდა ცენტრალიზებულად მართულ კომპანიებს, რომელთა  მთავარი ამოცანა ნებისმიერი საშუალებით მოგების მაქსიმიზაცია გახლდათ. 21-ე საუკუნის გამანაწილებელი მეწარმეობის მიზანი კი წილთა ღირებულების თანაბრად/სამართლიანად განაწილებაა მათთვის, ვინც სრულად ჩართულია ბიზნეს საქმიანობაში. ამის მაგალითია თანამშრომელთა საკუთრება, როგორიცაა „ჯონ ლუისის პარტნიორობა“ (“john lewis partnership”) დიდ ბრიტანეთში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამშრომელთა, არამედ იმ ადამიანებზეც ზრუნვა, რომლებიც ჩართული არიან ბიზნესის მიწოდების ჯაჭვში (Doughnut Economics Action Lab, 2020).

კომპანიის მდგრადობის საზომი

არსებობს ბიზნესისთვის შესასრულებელი აქტივობების 5 საფეხური. ის, თუ რომელ საფეხურზეა კომპანია, განსაზღვრავს მის მდგრადობას.  ეს საფეხურებია:

  1. “Do the doughnut” – განახორციელო ბიზნეს საქმიანობა დონატით;
  2. “Do mission zero” – დაისახო ნულოვანი მისია, რაც გულისხმობს ისეთი მიწოდების ჯაჭვის შექმნას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნახშირბადის ემისიების ნულოვან დონეზე დაყვანა;
  3. “Do your fair share” – იმოქმედო შენი წილის შესაბამისად;
  4. “Do what pays now”– გასწიო ანაზღაურებადი ბიზნეს საქმიანობა;
  5. “Do nothing”- არაფერი მოიმოქმედო (Raworth, 2018).

კომპანიათა ნაწილი ქვედა საფეხურებზე იმყოფება მაშინ, როდესაც სხვების მიზანი დისტრიბუციული და რეგენარციული ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაა, რათა მიაღწიონ მაღალ საფეხურებს და გახდნენ მდგრადები. 

თუ მე-20 საუკუნის მეწარმეების მთავარი ამოცანა შემდეგ შეკითხვაზე პასუხის ძიება გახლდათ -„რა ფინანსური სარგებლის მიღება შეგვიძლია ამ ბიზნეს საქმიანობისგან?“ –  21-ე საუკუნის კომპანიათა უმეტესობა სვამს შემდეგ შეკითხვას: „რა სარგებლის მოტანა შეგვიძლია იმ გზით, რომლითაც ჩვენი ბიზნეს საქმიანობის დაგეგმვას ვაპირებთ?“ და ეს სარგებელი უნდა იყოს ყველასთვის: საზოგადოებისთვის, ცოცხალი სამყაროსთვის, მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვისა და მფლობელებისთვის (Raworth, 2018).

კომპანიათა ნაწილი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბიზნეს მენტალობის ხაფანგშია მოქცეული, ნაწილი კი, იზიარებს რა თანამედროვე ბიზნეს ხედვებს, ხდება უფრო მეტად რეგენერაციული. ახლა კი განვიხილოთ ის 5 პუნქტი, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებს გასული საუკუნისა  და თანამედროვე ეპოქის ბიზნესს (Doughnut Economics Action Lab, 2020).

წყარო: www.weforum.org (ქართული ვერსია შექმნა ბექა ბაიაშვილმა)

1. ბიზნესის მიზანი

თუ მე-20 საუკუნეში კომპანიის მთავარი მიზანი წარმოებისგან და მომსახურებისგან ამონაგების მაქსიმიზაცია გახლდათ, 21-ე საუკუნეში ფირმებისთვის მთავარი ამოცანა ისეთი წარმოება და მომსახურებაა, რომლითაც წვლილს შეიტანს მდგრადი ბიზნესის განვითარებაში. რამდენიმე წლის წინ დანიური ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიას „DONG energy” ჰქონდა მნიშვნელოვანი საუბრები მრგვალი მაგიდის გარშემო კომპანიის მიზნის ფორმირებისა და ცვლილების შესახებ. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კომპანიამ უარი თქვა წიაღისეულ საწვავზე და გადაინაცვლა 100%-ით განახლებად ენერგიაზე, შეიცვალა დასახელება – „Ørsted“ და გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე მდგრადი ფირმა (Doughnut Economics Action Lab, 2020).

2. ბიზნეს ქსელები

მეორე პუნქტი ეხება ბიზნეს ქსელებს, თუ როგორ ურთიერთობს კომპანია თავის მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან, სავაჭრო პარტნიორებთან. განახლებადი ენერგიის მწარმოებელი კომპანია „Good Energy”, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქმიანობს, ამყარებს მჭიდრო კავშირებს თავის მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და სამეწარმეო ეკოსისტემასთან. აღნიშნული მყარი კავშირები კომპანიას საშუალებას აძლევს იფუნქციონიროს მდგრადად და სტაბილურად (Doughnut Economics Action Lab, 2020).

3. ბიზნესის მართვის ფორმა

მნიშვნელოვანია, თუ მართვის რა პრინციპებს, პრაქტიკებს, ნორმებს მოიცავს კომპანია. მე-20 საუკუნეში დომინირებული იყო აზრი: „კვარტალი არის მეფე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველ კვარტალში ფინანსურმა ოფიცერმა უნდა წარადგინოს მზარდი გაყიდვები, მზარდი მოგება და მზარდი ბაზრის წილი, რათა ინვესტორები იყვნენ ბედნიერები. 21-ე საუკუნის ხედვით, კომპანიის მართვას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ფირმათა ნაწილი ხდება B კორპორაცია, რაც გულისხმობს, რომ მთავარი არა მხოლოდ აქციონერებისთვისა და მოგების მაქსიმიზაციისთვის ზრუნვაა, არამედ მნიშვნელოვანია სოციალურ და გარემოსდაცვითი ღირებულებებზე ყურადღების გამახვილება ინკლუზიური და მდგრადი ბიზნეს გარემოს ჩამოსაყალიბებლად (Doughnut Economics Action Lab, 2020).

4. ფირმის საკუთრების ფორმა

მეოთხე პუნქტი ეხება კომპანიის მფლობელობას. სწორედ საკუთრების ფორმა განაპირობებს კომპანიის სახეს და განასხვავებს მას სხვა სახის ბიზნეს საქმიანობებისგან (Doughnut Economics Action Lab, 2020).

5. ფინანსები

ბოლო პუნქტი კი ეხება ფინანსებს, თუ რისთვისაა ის განსაზღვრული – ფინანსური ამონაგების სწრაფი ზრდისთვის თუ სოციალური და ეკოლოგიური ღირებულებების გენერირებისთვის, რომელსაც თან ახლავს სამართლიანი ფინანსური შემოსავალი. ისმის კითხვა, თუ რას გულისხმობს სამართლიანი ფინანსური შემოსავალი? ეს არის გრძელი და დიდი მიზნის მატარებელი ინვესტიცია, რომელიც თან ახლავს კომპანიის მდგრად საქმიანობას.

სწორედ აღნიშნული 5 პუნქტი განსაზღვრავს, თუ როგორია ფირმა და რა შეუძლია გააკეთოს მდგრადი ბიზნესისთვის – საქმიანობს თუ არა მე-20 საუკუნის ხედვით, ან თუ იზიარებს 21-ე საუკუნის თანამედროვე რეგენერაციულ იდეებს (Doughnut Economics Action Lab, 2020).

დასკვნა

როდესაც ბიზნესი ექცევა დონატის ცენტრში, მნიშვნელოვანია გაითავისოს რიგი გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და საზოგადოებაა მოქცეული. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ისეთი ბიზნეს საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური და ეკოლოგიური ბალანსის შექმნას. ფირმებმა უნდა გადახედონ შესასრულებელ აქტივობებს და დაადგინონ, თუ რომელ საფეხურზე იმყოფებიან ისინი. გაიზიარონ 21-ე საუკუნის ბიზნეს ხედვა და გახადონ წარმოება რეგენერაციული. სწორედ ყოველივე ეს დაგვეხმარება დონატის ეკოლოგიური საზღვრების დაცვასა და მდგრადი ბიზნეს გარემოს ფორმირებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

Doughnut Economics Action Lab. (2020). When Business Meets the Doughnut. doughnuteconomics.org. https://doughnuteconomics.org/tools-and-stories/44

Raworth, K. (2018, Jan 25). How to do business with doughnuts. www.weforum.org. https://www.weforum.org/agenda/2018/01/how-to-do-business-with-doughnuts/


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


მარიამ დადუნაძე

მარიამ დადუნაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. დაამთავრა თბილისის 175-ე საჯარო სკოლა. 2019 წელს „Junior Achievement Georgia-მ“ სამ კომპანიას შორის აირჩია მარიამის გუნდი „VISION”, რომელიც გაემგზავრა ესტონეთში და „Junior Achievement Estonia-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენა - გაყიდვაზე წარადგინა საქართველო. მარიამი არის „oikos Tbilisi-ს“ წევრი და დაინტერესებულია მდგრადი განვითარების საკითხებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami