მდგრადი განვითარების გამოწვევა: ტექნოკრატიულიდან დემოკრატიულისკენ ორიენტირებული პოლიტეკონომია

სტატიის ავტორი: პეტერ სიოდერბაუმი, მელარდალენის უნივერსიტეტი, ვესტერასი, შვედეთი | Peter Söderbaum, Mälardalen University, Västerås, Sweden.

აღნიშნული სტატია ინგლისურ ენაზე, რომლის თარგმანსაც ქვემოთ მოცემული ტექსტი წარმოადგენს შეგილიათ იხილოთ აქ .

სტატიის თარგმანი განახორციელა დავით ადეიშვილმა.

აბსტრაქტი

მეინსტრიმული ნეოკლასიკური ეკონომიკსი –  ისევე, როგორც ჰეტეროდოქსული სკოლები, – უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული „პოლიტეკონომიის“ სახეობები. არ არსებობს ღირებულებებისგან დაცლილი ეკონომიკსი. მდგრადი განვითარების წინაშე დღეს წამოჭრილი ამოცანა გვკარნახობს , რომ გვესაჭიროება ეკონომიკსის ახალი კონცეპტუალური ჩარჩო. ამ ესსეში შემოთავაზებულია ინდივიდების, ორგანიზაციების, გადაწყვეტილების მიმღებების, ბაზრების, საინვესტიციო პროექტების შეფასებისა და პოლიტიკის არჩევანის ხედვა. დემოკრატიის იმპერატივი იმასაც გულისხმობს, რომ უნივერსიტეტების ეკონომიკსის დეპარტამენტებში და სასწავლო მიმართულებებზე  თითქმის მონოპოლიური ნეოკლასიკური თეორია და მეთოდი უნდა შეიცვალოს პლურალიზმით. ნეოკლასიკური თეორიის და მეთოდის განგრძობითი როლი გამოიხატა იმ ფაქტში, რომ დღეს მსოფლიოს მილიონობით პროფესიონალი ინდოქტრინებულია ეფექტურობისა და მმართველობის ამ კონკრეტული გაგებით, თუმცა იდეა იმის შესახებ, რომ ნეოკლასიკური თეორია საუკეთესოა ყველა მიზანშეწონილობით – უარსაყოფია.

შესავალი

შვეციაში და არა მარტო აქ, უნივერსიტეტების ეკონომიკურ დეპარტამენტებში დომინირებს ტექნოკრატიაზე ორიენტირებული პარადიგმა, ეგრეთ წოდებული ნეოკლასიკური თეორია და მეთოდი. ნეოკლასიკური ეკონომისტები მეცნიერული მიდგომის თვალსაზრისით თავიანთ დისციპლინას ფიზიკას ადარებენ.  ბაზრების არსი და ფუნქციონირება მათ მიერ განიხილება იმგვარი ტერმინებით, რომლებიც მხოლოდ იმას ხსნიან, თუ როგორ ამყარებენ წონასწორობას მოთხოვნა-მიწოდების „ძალები“, ხოლო ფირმებისთვის, მომხმარებლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის არსებული ნოტმატიული საკითხები ფორმულირებულია მხოლოდ  ოპტიმალურ გადაწყვეტილებებზე ფოკუსით. ამ ორ შემთხვევაში, როგორებიცაა „წონასწორული მიდგომა“ და ოპტიმალობის ძიება, მათემატიკა არის უპირატესი ენა. ამგვარად, ეკონომიკსი   ხდება დისციპლინა, რომელშიც ამოცანები ყალიბდება და „იხსნება“ მათემატიკურ ტერმინებში – ენაზე, რომელსაც აქვს თავისი შესაძლებლობები და ამავე დროს გამოყენების შეზღუდულობა.

ნეოკლასიკური თეორია და მეთოდი აშკარად ტექნოკრატიულია, რადგან ის ეყრდნობა იმ ექსპერტებს, რომლებიც ცნობენ და აღიარებენ წონასწორობის თეორიას და რომლებიც ამოცანებს იმგვარად აყალიბებენ და წყვეტენ რომ გამომუშავდეს ოპტიმალური შედეგები. მართალია, მათემატიკას აქვს თავისი როლი ეკონომიკსში, მაგრამ ნეოკლასიკური ეკონომისტების თითქმის ექსკლუზიური დაყრდნობა მათემატიკაზე შესაძლებელია კითხვის ქვეშ დადგეს (Lawson, 2015). ხშირ შემთხვევებში რაოდენობრიობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ მცდარია ის იდეა, რომ ანალიზი ოდენ მათემატეკური წარმოდგენებით შემოიზღუდოს, ხოლო განსჯისა და გაგების  სხვა გზებს მეორეხარისხოვანი ან პერიფერიული როლი მიენიჭოს. თუმცა, ამ ესსსეში მე  ძირითადად შევეხები ღირებულებით საკითხებს. შესაძლებელია  თუ არა, რომ ეკონომიკსი ოდესმე იყოს ნეიტრალური ღირებულებითი თვალსაზრისით? არის კი მათემატიკა ნეიტრალური ენა? თუ პირიქით – ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ღირებულებით საკითხებს ეკონომიკსში და პატივი ვცეთ იდეოლოგიურ ორიენტაციაში განსხვავებებს ეკონომისტებსა და სხვა აქტორებს შორის. გაეხსნება თუ არა მაშინ გზა დემოკრატიაზე ორიენტირებულ ეკონომიკსს?

დღეს არამდგრადი განვითარების ბევრ ნიშანს ვხედავთ –   შესაძლო კლიმატური ცვლილებები, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, დაბინძურება (წყლის, ჰაერის, ნიადაგის), საფრთხეები ადამიანის ჯანმრთელობისთვის  და მზარდი უთანაბრობა შემოსავლებში – ამის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ეს ესსე არის   ეკონომიკსში დემოკრატიის სერიოზულად შემოტანის მცდელობა  (Söderbaum and Brown, 2010); აქ შემოთავაზებულია კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვან ასპექტებში განსხვავებულია მეინსტრიმული ეკონომიკსისაგან. ვასკვნით, რომ პლურალიზმი ეკონომიკსში აუცილებელია, რადგან ის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო მდგრადი მომავლისაკენ.

გუნარ მირდალი ღირებულებების  შესახებ ეკონომიკსში

საბაზისო დაშვება ამ ესსეში ის არის, რომ ღირებულებები და იდეოლოგია აუცილებლად უნდა ჩაერთონ ეკონომიკის თეორიასა და ანალიზში. ერთი პარადიგმის ან  სკოლის, როგორიც არის  ნეოკლასიკური ეკონომიკსი, არჩევა მეორის საპირისპიროდ, როგორიც არის ინსტიტუციური ეკონომიკსი, უკვე წარმოადგენს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ არჩევანს. ეს ნაწილობრივ ეფუძნება აქტორის იდეოლოგიურ ორიენტაციას. ნებისმიერ კვლევაში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღება. პრობლემები ჩარჩოვდება ან ფორმულირდება ყველა შესაძლო პერსპექტივიდან სპეციფიკური გზით, და ამგვარ არჩევანში სწორედ ღირებულებებია ჩართული. გუნარ მირდალი ჯერ კიდევ  ადრეულ შრომებში  ინტერესდებოდა  საკითხით – რა გავლენას ახდენს ღირებულებები აკადემიურ ნაშრომზე (Myrdal, 1969). სტატიაში სათაურით „ინსტიტუციური ეკონომიკსი“, რომელიც ეკონომიკური საკითხების ჟურნალში (Journal of Economic Issues) გამოქვეყნდა, ის ამტკიცებს შემდეგს:

„ღირებულებითი შეფასებები ყოველთვის ჩვენთანაა. დაუინტერესებელი კვლევა ჯერ არასდროს ყოფილა და არც იქნება. პასუხებამდე კითხვები უნდა იყოს. არ შეიძლება, არსებობდეს ხედვა შეხედულების გარეშე. წამოჭრილ კითხვებსა და არჩეულ შეხედულებებში  შეფასებები იგულისხმება.

ჩვენი ღირებულებითი შეფასებები განაპირობებენ პრობლემისადმი  ჩვენს მიდგომებს, ჩვენი ცნებების განსაზღვრებებს, მოდელების არჩევას, დაკვირვების არეალისა და ფენომენების შერჩევას, ჩვენი დასკვნების წარმოჩენას –  ფაქტობრივად ჩვენი ნაშრომის მთელ მსვლელობას დასაწყისიდან  დასასრულამდე.“ (Myrdal, 1978, p. 778).

ნაცვლად არგუმენტისა –  ჩვენი ღირებულებები „განაპირობებენ“ ჩვენს მიდგომებს, როგორც ეს ზემოთ მოტანილ ციტირებაშია, – მე ვიტყოდი , რომ ჩვენი ღირებულებები “გავლენას ახდენენ“ ჩვენს მიდგომებზე, რასაკვირველია – სხვა ფაქტორებთან ერთად. რაც შეეხება ციტატაში მოხმობილ სხვა მოსაზრებებს, მე მთლიანად ვემხრობი  მირდალის შეხედულებას ღირებულებების შესახებ  ეკონომიკსში.

სხვა სწავლულმა, ტანია ფონ ეგან-კრიგერმა (Tanja von Egan-Krieger), შეისწავლა როგორც მეინსტრიმული, ასევე სხადასხვაგვარი ჰეტეროდოქსული ლიტერატურა ეკონომიკსში (ინსტიტუციური, ფემინისტური, ეკოლოგიური) თავის წიგნში Die Illusion wertfreier Ökonomie (von Egan-Kriger, 2014). მისი დასკვნაა – იდეები ეკონომიკსის ღირებულებით ნეიტრალურობაზე ან იმის შესაძლებლობებზე, რომ შესაძლებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ნორმატიული განცხადებები აღწერითი  განცხადებებისაგან, –   ილუზორულია. აღწერითი განცხადებებიც კი ემყარებიან არჩევანს, თუ რა უნდა აღიწეროს.

ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად დავასკვნათ, რომ ეკონომიკსს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „პოლიტიკური ეკონომიკსი“. ნეოკლასიკური ეკონომიკსი არის პოლიტიკური ეკონომიკსის გარკვეული სახეობა და იგივე არგუმენტი გამოდგება ეკონომიკური აზრის სხვა სკოლებისათვისაც, მათ შორის ერთგვარი, „ინსტიტუციონალური ეკოლოგიური ეკონომიკსისათვის“, რაზეც ყურადღება მახვილდება ამ ესსეში. ის, ვისაც  გაცნობიერებული აქვს, რომ ვერცერთი ეკონომიკური სწავლება ვერ იქნება აპოლიტიკური, სწორ გზას ადგას. ყველა სწავლებაში ღირს გამოკვლეულ იქნას და განიხილებოდეს ერთგვარი პოლიტიკური ელემენტი.

იდეოლოგიის ცნებები და იდეოლოგიური ორიენტაცია

თუ ეკონომიკსი არის პოლიტიკური ეკონომიკსი, როგორც მე ვამტკიცებდი, მაშინ რელევანტური აღმოჩნდებიან “იდეოლოგიაც“ და მსგავსი ცნებებიც, მაგალითად, როგორებიც არიან: „მსოფლმხედველობა“ ან „ნარატივი“. პოლიტიკოსები წარმოგვიდგენენ თავიანთ დღის წესრიგს სწორედაც რომ თავიანთი „იდეოლოგიური“ მიმართებებით, მაშინ როცა მოგვმართვენ ჩვენ როგორც დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეებს. როცა ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ამა თუ იმ ხერხით ან გზით ვპასუხობთ მათ შეტყობინებებს, ჩვენც განსაზღვრული მიმართებებით ვმოქმედებთ, რომელთაც იდეოლოგია ან „იდეოლოგიური ორიენტაცია“ შეიძლება  ეწოდოს. 

არცთუ ბევრი ეკონომისტი მიუთითებს „იდეოლოგიაზე“ თავიანთ ნაშრომებში. დუგლას ნორტი არის ის მეცნიერი, რომელსაც სჯერა, რომ ჩვენ ჩვენი ხედვების დონეზე გვჭირდება ცნებები. ის იდეოლოგიის ცნებას შემდეგნაირად აყალიბებს:

“იდეოლოგიაში მე ვგულისხმობ სუბიექტურ აღქმებს (მოდელურ თეორიებს), რომლებიც აქვს ყველა ადამიანს მის  ირგვლივ არსებული სამყაროს ასახსნელად. ინდივიდების მიერ შექმნილი თეორიები შეფერილია ნორმატიული შეხედულებებით, თუ როგორ უნდა იყოს ქვეყნიერება მოწყობილი, ინდივიდუალური ურთიერთობის მიკროდონეზე იქნება ეს თუ ორგანიზებული  იდეოლოგიების მაკროდონეზე, რომლებიც წარსულისა და აწმყოს ინტეგრალურ ახსნას გვთვაზობენ, როგორებიცაა კომუნიზმი ან რელიგიები“ ( North, 1990, p.23, ხაზგასმა ორგინალიდანაა).

ჯოან რობინსონიც, აღიარებული ეკონომისტი და სოციოლოგი, განიხილავს ცნება „იდეოლოგიას“ თავის ადრეულ წიგნში ეკონომიკური ფილოსოფია (1962).  იგი ასევე  ყურადღებას ამახვილებს ძალაუფლებრივ განსხვავებებზე საზოგადოების ამა თუ იმ ჰგუფში და მიუთითებს მსგავსებაზე საზოგადოების „მმართველი იდეოლოგიასა“ და მეინსტრიმული ეკონომიკსის იდეოლოგიას შორის:

„ჩვენ კარგად უნდა მიმოვიხედოთ ირგვლივ, რათა მივაგნოთ ჩვენი საკუთარი შეხედულებების ფესვებს. იდეოლოგიის შემქმნელი ცნებებისა და სენტიმენტების მთლიანი მასის დიდი ნაწილი ეკონომიკურ ცხოვრებას ეხება, და საკუთრივ ეკონომიკსიც (როგორც საგანი, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტებსა, ე.წ. „საღამოს კურსებზე“ და როგორც იდეათა ნაკრები, რომელიც გადმოცემულია  მეწინავე სტატიებში) ყოველთვის, ყველა პერიოდში იყო მმართველი იდეოლოგიის მატარებელი, ისევე, როგორც იყო  ნაწილობრივ მეცნიერული კვლევების მეთოდი“ (Robinson, 1962, p.1).

შესაძლებელია წავაწყდეთ „იდეოლოგიის“ მსგავსი სხვა ტერმინების გამოყენებასაც. მერი ე. კლარკი, კონფლიქტოლოგიის პროფესორი, ხმარობს ტერმინს “მსოფლმხედველობას“ (Clark, 2002, pp. 2-6). თავის წიგნში ადამიანის ბუნების ძიებაში იგი მსოფლმხედველობას აღწერს როგორც „კონსტრუირებულ გეშტალტს“ (constructed Gestalt). მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივების გარკვეული დივერსიფიკაცია არსებობს, ყურადღება უნდა გამახვილდეს „დასავლურ მსოფლხედვაზე“, რომელიც დომინანტურია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში:

„ყველა ადამიანური ნააზრევი, ყველა ჩვენი ცოდნა საბოლო ჯამში ემყარება გარკვეულ “მოცემულობებს“ – განსაზღვრულ გარდაუვალ რწმენებსა და დაშვებებს.  ჩვენ მათზე ვაშენებთ რეალობის ჩვენეულ მოდელს, ანუ „სიმართლეს“ , რაც საშუალებას გვაძლევს, ვიმოქმედოთ თავდაჯერებულად და მეტ-ნაკლებად ავტომატურად“ (Clark, 2002, p. 3).

მსოფლმხედველობა გაგებულია შემდეგნაირად:

„ რწმენები და დაშვებები, რომლებითაც ინდივიდი იქმნის გამოცდილების განცდას, ღრმად არის დამალული ირგვლივ მყოფი საზოგადოების ენასა და ტრადიციებში. ისინი წარმოადგენენ გეშტალტ-საყრდენებს, რეალობის ხედვას, რომელსაც ეფუძნება მოცემული კულტურის ჩვეულებები, ნორმები და ინსტიტუციები. ისინი მდუმარედ ურთიერთობენ თავდაპირველი მითების, გადმოცემების, ენობრივი მეტაფორების, გამაფრთხილებელი ამბების მეშვეობით. ეს ქვეცნობიერი რწმენები არის საკრალური, ერთგვარად რელიგიის ან სარწმუნოების მსგავსი. მათ მიღებაზეა დამოკიდებული მავანის ადგილი საზოგადოებაში, ხშირად მისი გადარჩენაც კი. ამ არაცნობიერი საყრდენების სათავეში დგას გაცნობიერებული ტრადიციები და ინსტიტუტები, რომლებიც აყალიბებენ ქცევების ნორმატიულ რუკას, რაც ქმნის კომპლექსური სოციალური ცხოვრების შესაძლებლობას. განა გასაკვირია, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ძლიერი სწრაფვა, რომ ჩავეჭიდოთ მათ, დავეყრდნოთ მათ, უკიდურესად მტკივეულად განვიცადოთ, როცა ისინი საფრთხეში აღმოჩნდებიან, და ჩვენ იძულებული ვხდებით დავტოვოთ ისინი და მივიღოთ ახლები. სოციალური ცვლილება იოლი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა იგი ჩვენი ინსტიტუციების ზედაპირული ცვლილებები კი არ არიან, არამედ   ჩვენს უღრმეს რწმენებს  ეხებიან“ (Clark, 2002, p. 5).

დღეს მეინსტრიმული ნეოკლასიკური იდეები ეჭვქვეშაა და პრობლემები ზედაპირული კი არა, სიღრმისეულია. პროგრესის შესახებ იდეები ნეოკლასიკურ თეორიასა და მეთოდში (როგორიც არის ეკონომიკური ზრდა ეროვნულ დონეზე და ფირმების მომგებიანობა), ჩვენს მიერ აღიქმება უფრო როგორც პრობლემის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვიდრე მისი რაიმე გზით  გადაწყვეტა.

იდეოლოგიური ორიენტაცია ან მსოფლმხედველობა შეიძლება გამოიხატოს როგორც ნარატივის ტიპის ტექსტები  პრობლემებისა და პროგრესის შესახებ ინდივიდებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ლოკალური,  ეროვნული და გლობალური საზოგადოებებისათვის. მაგალითად, ქალაქების დონეზე ეს განიხილება ჯეიმზ თროგმორტონის (James Throgmorton, 2003) რედაქციით გამოცემულ წიგნში. ტერმინ „ნარატივის“ ერთი უპირატესობა ის არის, რომ პერსპექტივები გამოსახულია ისტორიულ დროში. როგორ შეიძლება პრობლემების და შესაძლებლობების ტერმინებში აღიწეროს ქალაქის ამჟამინდელი მდგომარეობა? რა არის მომავალი სასურველი მდგომარეობები და როგორ არის შესაძლებელი საშუალებების და შედეგების კომბინირება სტრატეგიებში აღნიშნულ სასურველ მდგომარეობებთან მისაახლოებლად ახლო და უფრო შორეულ მომავალში?

მაგალითად, მდგრადი განვითარების იმპერატივი, როგორადაც ეს გამოხატულია გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანში, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენი მსოფლმხედველობის ან იდეოლოგიური გამოწვევის წინაშე. ამის გაცნობიერებისა და გარკვეული ცვლილებების გზა ნიშნავს ვიფიქროთ კონკურენტულ ნარატივებზე ან მონათხრობებზე. რა არის საზოგადოების პროგრესზე მეინსტრიმული დასავლური მონათხრობის ალტერნატივა? ბევრისათვის დამაჯერებელი იყო და არის დასავლური მონათხრობი ეკონომიკის ზრდაზე, მომხმარებელთა შემოსავლებსა და ბიზნესის მოგებაზე. ნარატივი, რომელიც ყურადრებას ამახვილებს მდგრად განვითარებაზე წაარმოგვიდგენს კონვენციური აზროვნების მთავარ ალტერნატივას (ან ალტერნატივათა ნაკრებს). ერთი დასკვნა ის არის, რომ   მდგრადი განვითარების შესახებ ამბების მოყოლითა  და მოსმენით დემოკრატია უნდა გაძლიერდეს.

როგორც  ჯოან რობინსონი ზემოთმყვანილ ციტირებაში ამტკიცებს, მეინსტრიმული ეკონომისტების – როგორც ექსპერტების მიერ – სახელმძღვანელოებსა და ნებისმიერ სხვაგან მოყოლილ ამბებს სპეციფიკური როლი აქვთ საზოგადოებაში.  გვაძლევს  თუ არა ჩვენ მეინსტრიმული ნეოკლასიკური ეკონომიკსი სასარგებლო კონცეპტუალურ ორიენტაციას მდგრადობის შესახებ? მე მჯერა, რომ ნეოკლასიკური ნარატივები ინდივიდების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების და გლობალურ დონეზე არასაკმარისია. პირველ ნაბიჯად ჩვენ როგორც ეკონომისტებს, გვჭირდება მივიღოთ პლურალისტული და დემოკრატიული თვალთახედვა.

რომ შევაჯამოთ, იდეოლოგიური ორიენტაციის (მსოფლმხედველობის) კონცეფციები და ცნებები შესაძლოა აღიწეროს პოზიციური ტერმინების ნარატივში, სადაც ახლანდელი მდგომარეობა ბმაშია მომავლის მდგომარეობებთან საშუალებები-შედეგების ურთიერთობით. ამ შემთხვევაში იდეოლოგიური ორიენტაცია (მსოფლმხედველობა):

  • გამოხატული იქნება ისტორიულ დროში;
  • არ შემოიზღუდება რაოდენობრივი მაჩვენებლებით, არამედ მოიცავს თვისებრივ ფორმებსაც (მაგალითად, ვიზუალურს);
  • პრეზენტაციები არ იქნება ყოველთვის ზუსტი და ყოვლისმომცველი, არამედ ხშირად იქნება ფრაგმეტული და გაურკვეველიც;
  • ამბებს წამოადგენს როგორც ლოგიკური, ისე შეფასებითი ელემენტებით.

ეკონომიკსის ხელახალი განმარტება

ნეოკლასიკურ სახელმძღვანელოებში ეკონომიკსი არის  სწავლება „შეზღუდული რესურსების განაწილების“ შესახებ. ეს ხაზგასმა  მენეჯმენტზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე არ არის ეკონომიკსის  ერთადეთი შესაძლო განმარტება, თუმცა აქ ამაზე შევჩერდებით. სხვა ასპექტებში, შეიძლება მივუთითოთ ახალ ან მოდიფიცირებულ განმარტებაზე. ეკონომიკსი გაგებულია როგორც:

„მრავალგანზომილებიანი (შეზღუდული) რესურსების მენეჯმენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში“(Söderboum, 2018, pp.12-22; 2019, pp. 22-24).

რატომ „მრავალგანზომილებიანი“ ანალიზი? ნეოკლასიკურ თეორიასა და მეთოდში ყურადღება მახვილდება მონეტარულ რესურსებზე და სხვა რესურსების ან გავლენების  მონეტარულ ასპექტებზე. როგორიც მაგალითად, ნეოკლასიკურ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის (cost-benefit analysis) ნაწილში ფოკუსირება ხდება ნებისმიერი ზემოქმედების მონეტარულ გამოხატულებაზე, რათა ისინი  გაყიდვადი ან ურთიერთგაცვლადი გახდნენ. ახალი განმარტება კი გვთავაზობს, რომ არამონეტარული განზომილებები აღიწეროს და განხილულ იქნას საკუთარ ტერმინებში და ამით თავიდან ავიცილოთ „მონეტარული რედუქციონიზმი“.

როცა მზადდება ინვესტიციები ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორებიც არის  გზები ან ენერგოსისტემები, რასაკვირველია უნდა განიხილებოდეს ფინანსური თუ მონეტარული ზეგავლენები. თუმცა ფოკუსირება თითქმის ექკლუზიურად მონეტარულ ასპექტზე შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ხდება გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის უგულებელყოფა ან დაკნინება. სერიოზულად უნდა იქნას გათვალისწინებული ინერციის სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა შეუქცევადობა, ვალდებულება, მემკვიდრეობითობა. შეუქცევადია, მაგალითად CO2-ის ემისია და სხვა სახის დაბინძურებები, იგივე ითქმის სამშენებლო პროექტებთან (გზები, სახლები, კაშხლები და სხვ.) დაკავშირებულ ბევრ ცვლილებაზე მიწათსარგებლობაში.

ეკონომიკსის დეფინიციაში „დემოკრატიის“ შემოტანა პირდაპირ უკავშირდება ჩვენს წინა თეზისს იმის შესახებ, რომ ეკონომიკის თეორიასა და ანალიზში „შეფასებები ყოველთვის ჩვენთანაა“. ეკონომიკური ანალიზისთვის ჩვენ გვჭირდება ისეთი ცნებები, როგორებიც არის იდეოლოგიური ორიენტაცია ან მსოფლმხედველობა. მაგალითად, ალტერნატიული საინვესტიციო პროექტები ხშირად განსხვავდებიან იდეოლოგიური ორიენტაციის ნიშნით. იმ სიტუაციაში, როცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რა არის უკეთესი საზოგადოებისთვის, ეკონომისტებს უფლება არ აქვთ და არ შეუძლიათ გვანახონ ოპტიმალური ალტერნატივა. ინტერესთა კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური ვითარებაა დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ასეთი განსხვავებები ცოდნასა და შეხედულებებში იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისაგან. იმის გამო, რომ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის (ხსა) მეთოდი სერიოზული შეზღუდულობით ხასიათდება, ჩვენ აქ დავიცავთ პოზიციურ ანალიზს (პა), როგორც ალტერნატივას (Brown et al., 2017).

ეკონომიკსის როგორც მეცნიერების მიზნის შესახებ

ნეოკლასიკურ ეკონომიკსს თავისი თეორიითა და მეთოდით აქვს ამბიცია, ახსნას არა მხოლოდ ის, თუ როგორ იქცევიან ინდივიდები, როგორც მომომხმარებლები, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი. „ყველა ინდივიდი, როგორც მომხმარებელი საქონლის იმ კომბინაციას იძენს, რომელთა სარგებლიანობა მაქსიმალურია მოცემული ფინანსური ბიუჯეტის ფარგლებში“. მსგავსად ამისა, მიიჩნევა, რომ „ყველა ფირმა ისწრაფვის თავისი მონეტარული მოგების მაქსიმიზაციისაკენ“ და რომ „მიწოდება-მოთხოვნის ძალები მიიზიდებიან წონასწორობისაკენ“. ასეთი სახის ზოგადი დებულებები რამდენამდე გვეხმარება, ავხსნათ და ვიწინასწარმეტყველოთ გამყიდველთა და მყიდველთა ქცევა მაკროდონეზე. თუმცა,ზოგად დებულებებს ყველა ინდივიდის, ფირმისა თუ ბაზრის შესახებ ახასიათებს  შეზღუდულობა  და იდეოლოგიური თავისებურებები. მაგალითად, მდგრადობის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქ ჩვენთვის მთავარი საკითხია, საზოგადოების ზოგიერთი აქტორი შეიძლება უფრო მეტად დაინტერესებული იყოს იმით, თუ როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ინდივიდები, როგორც მომხმარებლები, ან როგორ განსხვავდებიან ფირმები ერთმანეთისაგან. რომ გავიგოთ, როგორ განსხვავდება ინდივიდი A , როგორც მომხმარებელი,  ინდივიდ  B -საგან, როგორც მომხმარებლისაგან, ნაკლებად საინტერესოა ზოგადი დებულებები ყველა ინდივიდდზე, როგორც მომხმარებლებზე. ჩვენ გვჭირდება, ყველა ინდივიდს მივუდგეთ, როგორც აქტორს ბაზარზე, ან მივუდგეთ ფირმას, როგორც აქტორს. როცა ცალკეულ ინდივიდს ან ფირმას მივმართავთ,  საჭიროა შესაბამისი და სასარგებლო კონცეპტუალური  ჩარჩო. იდეალში ეს კონცეპტუალური ჩარჩო ან ენა გასაგები უნდა იყოს ეკონომიკისა და საზოგადოების სხვადასხვა აქტორებისათვის.

მართალია, რომ შემოთავაზებული იყო  ნეოკლასიკური „საჯარო არჩევანის თეორია“, როგორც მცდელობა, ერთმანეთისგან განესხვავებინათ აქტორთა კატეგორიები ეკონომიკაში (Olson, 1965). იგულისხმებოდა, რომ ფერმერები, როგორც კატეგორია, იმუშავებდნენ ერთად (კოლექტიური ეგოიზმის“ ფორმით), რათა  სხვა კატეგორიების მსგავსად გაეზარდათ თავიანთი შემოსავლები. მაგრამ, თუ ახლოდან შევხედავთ ფერმერებს, როგორც კატეგორიას, შეიძლება დავინახოთ, რომ ზოგიერთი მათგანი არის ორგანული ანუ ეკოლოგიური ფერმერი, ზოგიერთი კი არ არის (სოდერბაუმი, 1991). ფოკუსირება ორგანული(ან ჩვეულებრივი) ფერმერების კატეგორიაზე კიდევ ერთხელ დაგვანახებს მათ შორის სხვაობას, რაც სპეციფიკურია შესაბამისი აქტორებისათვის.  თავიანთ განსხვავებულ როლებში მყოფი ინდივიდების, ფირმების ან კორპორაციების ამგვარი „ახლოდან დანახვა“ რეკომენდებულია თანამედროვე სახის ინსტიტუციონალურ ეკოლოგიურ ეკონომიკსში. დიდი რაოდენობის ერთეულებზე ჰიპოთეზების შესამოწმებლად, საკვლევ მეთოდებს შორის ამჯობინებენ ეგრეთწოდებულ ქეისურ (ერთი კონკრეტული საკითხის ან შემთხვევის-მთარგმნელი) კვლევას (case studies).

ინდივიდის, როგორც დემოკრატიასთან თავსებადი ფენომენის გაგება 

ნეოკლასიკური თეორია აგებულია ინდივიდის, როგორც ეკონომიკური კაცის (Economic Man, Homo Oeconomicus) კარგად ცნობილ დაშვებებზე. ეკონომიკური კაცი დაკავშირებულია ბაზრებთან და ეძებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, როცა თავის ბიუჯეტის ფარგლებში იძენს საქონელთა საუკეთესო კომბინაციას. 

როგორც ალტერნატივა, შემოთავაზებულია ტერმინი პოლიტეკონომიკური პერსონა (პეპ) . ინდივიდი მიჩნეულია „აქტორად“, რომელიც ფლობს გარკვეულ მონეტარულ და არამონეტარულ რესურსებს, რომელიც ხელმძღვანელობს თავისი „იდეოლოგიური ორიენტაციით“. სხვადასხვა როლისა და  თითოეული კონტექსტის მიხედვით ინდივიდი მოქმედებს ძალაუფლებრივი პოზიციიდან, რომელიც ემყარება ცოდნას, გამოცდილებას და სხვა რესურსებს. ეს აქტორი, მართალია, ისევ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ როგორც წესი გათვალისწინებულია ფართო იდეოლოგიური ორიენტაცია, რომლის ფარგლებშიც კერძო ინტერესთან ერთად, შესაძლოა, მხედველობაში მიიღებოდეს სხვათა ინტერესი ან მათზე ზრუნვა. ინდივიდი არ არის მხოლოდ ბაზარზე მიბმული მომხმარებელი, არამედ მოქალაქეც თავისი როლით საზოგადოებასა და ეკონომიკაში. ჩვენი იდივიდი, როგორც პოლტეკონომიკური პერსონა, შესაძლოა, სერიოზულად უყურებდეს როგორც დემოკრატიას, ასევე ეკოსისტემებისა და პლანეტის მომავალს. ინდივიდის იდეოლოგიური ორიენტაცია მზა მოცემულობა კი არ არის, არამედ გამოსაკვლევი და პატივსაცემი რამაა.

ადამიანის ქმედებები დიდწილად არის ჩვევითი. ინდივიდი ეგუება ან პასუხობს კონტექსტს, რომელიც  განმეორებით ჩნდება. თუმცა, ზოგჯერ ინდივიდის წინაშე დგება ამოცანა – გააკეთოს აჩევანი  ალტერნატივებს შორის, რომელთაც აქვთ შესაბამისი მოსალოდნელი შედეგები. ნეოკლასიკურ თეორიასა და მეთოდში ასეთი გადაწყვეტილების მიღება დანახულია როგორც ოპტიმიზაციის საკითხი. აქ რეკომენდებულია უფრო ზოგადი მიდგომა, სადაც „ოპტიმალური“ შედეგების გამოთვლა მიჩნეულია კერძო შემთხვევად.

აქ გადაწყვეტილების მიღებას ვუყურებთ როგორც „შესაბამისობის პროცესს“, ერთის მხრივ, ინდივიდის იდეოლოგიურ ორიენტაციასა და, მეორეს მხრივ, თითოეული ასარჩევი ალტერნატივის მოსალოდნელ მრავალგანზომილებიან გავლენის პროფილს შორის. აქტორის, როგორც გადაწყვეტილების მიმღების იდეოლოგიური ორიენტაცია, ისევე როგორც გავლენის პროფილი, შეიძლება იყოს ზუსტი ან გაურკვეველი და ფრაგმენტული. ზოგი გავლენა შეიძლება შეფასდეს თითქმის სრული განსაზღვრულობით, ზოგიერთი გავლენა კი ნაკლები სიცხადისაა.

„შესაბამისობის“ იდეას დღეს ხშირად იყენებენ. მაგალითად, როცა განიხილება შრომის ბაზარი. ცალკეულ ინდივიდს როგორც სხვადასხვა პროფესიის პოტენციურ მუშაკს უსაბამებენ შესაძლო სამუშაო ადგილებს. ზოგჯერ ინდივიდის მოსალოდნელი შესაძლებლობებისა და სპეციალური პროფესიული ადგილის  კომბინირების მცდელობა   „კარგად არის მორგებული“, მაშინ როცა სხვა შემთხვევები ნაკლებად პოზიტიურია.

„შესაბამისობაზე“ (matching) ლაპარაკისას შეგვიძლია გავიხსენოთ „სათანადობა“ (appropriateness) (March, 1994)). ფ. შუმახერი თავის წიგნში „პატარა მშვენიერია“ (1994) მიუთითებდა „სათანადო ტექნოლოგიაზე“. კომპიუტერულ ენაში შეიძლება მივუთითოთ „სახეთა გამოცნობაზე“. დღეს სახეთა გამოცნობისა და ხელოვნური ინტელექტის საეთაშორისო ჟურნალიც კი არსებობს (International Journal of Pattern Recognition and Artificial Inteligence).  შესაძლებელია, სატელიტები ისე დააპროგრამონ, რომ გამოიცნონ სპეციფიკური სამხედრო ნაგებობები ხმელეთზე და გადმოცენ ამ საძიებო პროცესების შედეგები. მაგრამ, სახეთა ამოცნობის ტერმინებით აზროვნება შეიძლება უფრო ფართოდ იქნას გაგებული, რაც არ გულისხმობს მაინცდამაინც ციფრულ ტექნოლოგიას. ისიც შესაძლებელია, რომ მივუთითოთ უფრო „იმიჯებზე“, ვიდრე სახეებზე.

ორგანიზაციების გაგება დემოკრატიულ საზოგადოებაში

ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც განიხილავს ნეოკლასიკური თეორია და მეთოდი არის ფულადი მოგების მაქსიმიზაციაზე მიმართული ფირმა. ფირმა არსებითად გაგებულია, როგორც სააქციო საზოგადოება შეზღუდული პასუხისმგებლობით. ასეთი სახის ორგანიზაცია ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში. თუმცა, საზოგადოებასა და ეკონომიკაში მოქმედ სახვა სახის ორგანიზაციებს ნეოკლასიკური თეორია გამორიცხავს. ჩვენ გვჭირდება მიკროეკონომიკსი, სადაც სხვა სახის ორგანიზაციები სერიოზულად მიიღებიან მხედველობაში, მაგალითად: ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებთან დაკავშირებული ისეთი სასწავლო ერთეულები, როგორებიცაა უნივერსიტეტები, სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ არ ფოკუსირდებიან მონეტარულ გავლენებზე.  ამ უკანასკნელთ ზოგჯერ მიაკუთვნებენ არამომგებიან კატეგორიას. რეალობას მოწყვეტილი იქნებოდა  ყველა ორგანიზაციის ფულადი მოგების ტერმინებით ახსნა.

მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ფოკუსირდებიან არამონეტარულ მიზნებზე, მაგალითად, როგორიც არის ადამიანების გადარჩენა ამ პლანეტაზე. ამის მაგალითია „გრინფისი“. დღეს ასეთი სახის ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და საზოგადოების ბევრი აქტორისათვის. ამგვარი ორგანიზაციების ტიპის წარმოსადგენლად ჩვენ გვჭირდება მივმართოთ იდეოლოგიურ ორიენტაციებს ან მოგების მაქსიმიზაციისგან განსხვავებულ მისიებს.

სააქციო საზოგადოების კომპანიების შემთხვევებშიც კი არსებობენ მნიშვნელოვანი მიზეზები, რათა მივმართოთ უფრო ფართო ხედვებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობას და სამართლიან ვაჭრობას  ხშირად უყურებენ, როგოც ფორმალურ (გარეგნულ, ე.წ. „სავიტრინო“-მთარგმნელი) საკითხებს, თუმცა ისინი მეტ ყურადღებას იმსახურებენ. სხვადასხვა აქტორი ერთსა და იმავე სიტყვას, შესაძლოა, სხვადასხვანაირად იყენებდეს. ამ ესსეში პოლიტეკონომიკური ორგანიზაცია(პეო) წარმოადგენს გარკვეულ მრავალგანზომილებიანი რესურსების მფლობელ და თავისი მისიის (იდეოლოგიური ორიენტაციის) მატარებელ აქტორს. მდგრადობასთან დაკავშირებით, ბიზნესკორპორაციების ზომა (და მასთან ერთად ძალაუფლება) არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეროვნული მთავრობების მიერ ტრანსნაციონალური კორპორაციების რეგულირების შესაძლებლობები შეზღუდულია. ზოგჯერ ისიც კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები აკონტროლებენ მთავრობებს, ვიდრე – პირიქით. მაგალითად, კორპორაციას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს გადასახადები მისი ფულადი მოგების სხვადასხვა ქვეყნებში მანიპულირების გზით.

ბიზნესკორპორაციები საზოგადოდ და კერძოდ ტრანსნაციონალური კორპორაციები არიან პოლიტიკური აქტორები, რომელთა ძალაუფლება და მისია საჭიროებს შესწავლას (Wilks, 2013). ჩვენ გვინდა მოვსინჯოთ, რამდენად კარგად ეთანაწყობა ბიზნესკორპორაცია, როგორც იურიდიული ერთეული მდგრად განვითარებასა და დემოკრატიას. ეს საკითხი განხილულია დევიდ კორტენის წიგნში როცა კორპორაციები მართავენ მსოფლიოს (2001). ასევე ყურადღებას იმსახურებს გერმანიაში “გრინფისის” ლიდერის წიგნი  Die Dictatur der Korzeme (Bode, 2018). კერძოდ, თილო ბოდე მიუთითებს თანამედროვე სახის ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და დემოკრატიის შეუთავსებლობაზე. მაშინ როცა ბიზნესკორპორაციებს და სხვა ორგანიზაციებს, შესაძლოა, გააჩნდეთ საკმაო ძალაუფლება იმისათვის, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოების განვითარებაზე, ჩვენი პოლიტეკონომიური ორგანიზაცია არ არის მონოლითური ერთეული. სხვადასხვა პროფესიული როლის მატარებელ ბევრ ინდივიდს, ისევე როგორც მესაკუთრეს და ბორდის წევრს შეიძლება ჰქონდეს გავლენა პოლიტიკებსა და ქცევებზე.

თავის წიგნში მულტინაციონალური ფირმის თეორიები მატს ფორსგრენი წარმოგვიდგენს მულტინაციონალური ფირმების თეორიის ან გაგების გზის არანაკლებ ექვს თეორიას (Forsrgen, 2017). მე არ შევუდგები ყველა ამ თეორიის ჩამოთვლას ან წარმოდგენას, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი რწმენა ეკონომიკსში პლურალიზმის ნაყოფიერების შესახებ და ასევე რწმენა იმისა, რომ არჩევანი თეორიებსა და მოდელებს შორის არ არის ექსკლუზიურად მეცნიერების საკითხი, რომ ამ არჩევანში ჩართულია იდეოლოგიური ორიენტაციაც. ფორსგრენის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი მოდელი არის „მულტიეროვნულის დაქსელვა“. როცა განვიხილავთ ნეოკლასიკური ფირმის ალტერნატივას, ჩვენ გვინდა ისეთი რამ, რაც თანხვედრაში იქნება მდგრად განვითარებასა და დემოკრატიასთან. მე გთავაზობთ დაქსელვის მოდელის პოლიტიკურ ვერსიას. ამ მოდელში ინდივიდები და ორგანიზაციები (პეპ-ები და პეო-ები) ხელმძღვანელობენ თავიანთი იდეოლოგიური ორიენტაციით ან მისიით. ისინი ურთიეთქმედებენ ბაზრისმაგვარ ურთიერთიერთობებსა და ქსელებში ან  არიან დაკავშირებული დიდ საზოგადოებასთან და დემოკრატიასთან. ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობათა ფუნქციონირებისათვის, და თითოეული აქტორი, გარკვეული აზრით, პაასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია.

თუ ნეოკლასიკურ თორიაში მიიჩნევა, რომ ფირმასა და მის კონტექსს შორის საზღვარი ნათელია, თანამედროვე სახის პოლიტიკურ ქსელურ თეორიაში ის ნაკლებად ნათელია. აქტორი A ერთ ორგანიზაციაში, თავისი იდეოლოგიური ორიენტაციით (მისიით), შესაძლოა, პოლიტიკებსა და ქმედებებში ზრუნავდეს იმ შედეგებზე, რომლებიც  მოსალოდნელია საბაზრო და არასაბაზრო ქსელების სხვა აქტორებისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს შესაძლო როლი კოოპერაციისათვის, მაშინ როცა ნეოკლასიკურ თეორიაში დომინანტურია კონკურენციის როლი ნათლად გამოყოფილ ფირმებს შორის, რომელიც ამ შემთხვევაში მოდიფიცირებული ან შემცირებული იქნება. თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს ერთგვარი კონკურენციაც საბაზრო და არასაბაზრო აქტორების ქსელებს შორისაც.

როცა ქსელების ტერმინებით ვაზროვნებთ, როგორც ინდივიდები, ისე ორგანიზაციები უკვე აღარ არიან ერთმანეთისაგან ადვილად განცალკავებადნი. საბაზრო ურთიერთობები უკვე აღარ დაიყვანება გამყიდველის მონეტარულ მაღალ ფასსა და მყიდველის დაბალ ფასზე. გამყიდველსა და მყიდველს შეიძლება ჰქონდეთ საერთო ინტერესი და ერთად მუშაობდნენ საერთო სარგებლისათვის. ისინი, შესაძლოა, ერთადაც მუშაობდნენ, რათა გავლენა იქონიონ განვითარებაზე აქტორთა უფრო დიდ თემში ან უფრო დიდ საზოგადოებაში. მაგალითად, შეიძლება ლობისტებიც დაიქირავონ, რათა გავლენა მოახდინონ ეროვნული მთავრობების რეგულაციებზე.

ბაზრების გაგება დემოკრატიულ საზოგადოებაში

ნეოკლასიკურ თეორიაში ბაზრები  გაგებულია მოთხოვნისა და მიწოდების, როგორც მექანიკური  ძალების ტერმინებით. არსებობენ სასაქონლო, შრომისა და ფინანსური კაპიტალის ბაზრები. ეს თეორია, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში თავის წამყვან როლს თამაშობს ეკონომიკსის სწავლებასა  და ინდოქტრინაციაში, შეიძლება იყოს ნაწილი ეკონომიკსის პლურალისტური ხედვისა. ორთოდოქსული თეორია ამ სწავლებაშიც კი თავის როლს ასრულებს, მაგრამ ძირითადად როგორც მითითების საგანი, როცა ვადარებთ სხვადასხვა მიდგომებს  ისეთ სპეციფიკურ მიზნებთან დაკავშირებით, როგორიც არის მდგრადი განვითარება.

ბაზრები შეიძლება გავიგოთ სხვაგვარადაც. თავის წიგნში ბაზრები. ეკონომიკური და სოციალური თეორიებიდან დანახული პერსპექტივები, უილიამ ჯექსონი ორთოდოქსული ხედვისგან განსხვავებულ ოთხი კატეგორიის მიდგომას გამოყოფს. ესენი არიან სოციალური და კულტურული, სტრუქტურული, ფუნქციონალური და -ბოლოს – ეთიკური პერსპექტივები (Jackson, 2019).

ამ ესსეში მე გთავაზობთ „ ქსელური თეორიის პოლიტიკურ ვერსიას“, როგორც საჭიროებას ბაზრების გასაგებად  მდგრად განვითარებასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. ჩვენ იმ კონცეპტუალურ ჩარჩოში ვრჩებით, რომელიც ზემოთ განვიხილეთ  ორგანიზაციებთან დაკავშირებით. პოტენციურად რელევანტურია ისეთი ცნებები, როგორებიც არიან:  აქტორი, როლი, იდეოლოგიური ორიენტაცია, ურთიერთობა, ნდობა, კოოპერაცია, კონფლიქტი, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება და სოციალური ფსიქოლოგიის სხვა ცნებები (აღქმა, შეცნობა, დისონანსი და სხვ.).

აქ მე განვავითარებ ეკონომიკური თეორიის შემოთავაზებული პოლიტიკური ვერსიის მხოლოდ ერთ ასპექტს. ნეოკლასიკურ თეორიაში მიღებულია, რომ ბაზრები შეიძლება ქონდეთ  ჩავარდნა ( failure) საბაზრო ტრანზაქციის გარე აქტორებთან, ე.წ მესამე მხარეებთან მიმართებაში. ამას უწოდებენ გარე გავლენებს, ანუ „ექსტერნალიებს“. „ პრინციპი- დამაბინძურებელი იხდის“ მოწოდებულია თითოეულ იდეტიფიცირებულ მესამე მხარეზე გავლენის კომპენსაციისათვის, და ამ ნეგატიური გავლენის ღირებულება გამოითვლება მონეტარულად. თუმცა, ეს არის საქონლის მყიდველის და გამყიდველის გარე შესაძლო ზიანის რედუქციონისტური (მარტივამდე დაყვანა-მთარგმნელი) ხედვა. როგორც უილიამ კაპპი (Kapp, 1972) ამტკიცებს, ის, რასაც ჩვენ ვეხებით, არ არის ერთგანზომილებიანი ზიანი მხოლოდ ერთ მესამე მხარეზე. ბაზრის ტრანზაქციის გარე გავლენები არიან მრავალგანზომილებიანი და ყველგანმყოფი. კაპპისთვის „ხარჯი“ ბევრად ფართო გაგებისაა:

„ როგორც ეკონომისტი, დიდი ხანია, ვიზიარებ შეხედულებას და ახლაც მჯერა, რომ საბაზრო ეკონომიკაში გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციონალიზებულ სისტემას აქვს თანდაყოლილი ტენდენცია, უგულებელჰყოს ის უარყოფითი ეფექტები (მაგალითად, ჰაერის და წყლის დაბინძურება), რომლებიც „გარეშენი“ არიან გადაწყვეტილების მიმღები ერთეულისთვის. ამგვარად, არ უნდა მოველოდეთ, რომ  გადაწყვეტილების მიღების სისტემა, რომელიც ოპერირებს მოგების მიღების პრინციპით, სხვაგვარად მოიქცევა,  გარდა იმისა, რომ შეამცირებს თავის ხარჯებს მათი სხვის მხრებზე  ან მთელ საზოგადოებაზე აკიდებით, როცა კი ეს შესაძლებელია“ (Kapp, 1970, გვ.180).

როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულ ექსტერნალიებს, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს მრავალ ადამიანზე, ზოგ შემთხვევაში კი – გლობალურ საზოგადოებაზეც. ეს ის შემთხვევაა, როცა საჭირო ხდება  მისიის უფრო ფართო იდეები ან იდეოლოგიური ორიენტაცია. ერთი ჩემი ეკოლოგ-ეკონომისტი კოლეგა, ჰერმან დეილი, მიმართავს “საერთო სიკეთის“(Common Good) ცნებას (Daliy and Cobb, 1989). როცა ასეთი აზრები სწორი მიმართულებისაა, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა გავიაზროთ, რომ საერთო სიკეთის არაერთი იდეა არსებობს. მართლაც, არსებობენ კონკურენტული იდეოლოგიური ორიენტაციები.

საინვესტიციო პროექტების შეფასება  დემოკრატიულ საზოგადოებაში

არსებულ პოლიტეკონომიკურ სისტემაში  ბიზნესის საინვესტიციო პროექტების შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია  მოსალოდნელი მონეტარული მომგებიანობა. მაგრამ შესაძლებელია,  არამონეტარული ზემოქმედებებიც თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს ბიზნეს-გადაწყვეტილებებში. მაგალითად, ინვესტიცია ტექნოლოგიური კვლევისა და განვითარების საინვესტიციო პროექტებში (სოდერბაუმი, 1967) და დემოკრატია არიან ასევე ბიზნეს-გადაწყვეტილებების  პოტენციურად რელევანტური ასპექტები. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისადმი ფართო მიდგომები არიან რელევანტური როგორც მომგებიანი, ასევე არამომგებიანი სახის ორგანიზაციებისთვის. ვემხრობით რა პოზიციურ ანალიზს (პა), როგორც ინტერდისციპლინარულ მიდგომას, ყურადღებას უფრო მეტად ვამახვილებთ საჯარო პროექტებზე, როგორებიცაა ინვესტიციები ენერგოსისტემებში, გზებში, რკინიგზებში, აეროპორტებში.

ნეოკლასიკურ ეკონომიკსში ხარჯთ-სარგებლის ანალიზი (ხსა, CBA) არის ზემოაღნიშნული სახის პროექტების შეფასების აღიარებული მეთოდი. ეს მეთოდი შეიძლება გავიგოთ, როგორც ფულადი მოგების შეფასებების განვრცობის ცდა საჯარო სექტორზე. ხარჯები და სარგებლები ფასდება მომავალი პერიოდებისათვის და ყველა განსახილველი ალტერნატივისთვის. ზოგიერთი ხარჯი ( სარგებელი) მონეტარული ან ფინანსური სახისაა – მაგალითად, ახალი გზის მშენებლობის ხარჯები. სხვა ზემოქმედებები არამონეტარული სახისაა. ხარჯთ-სარგებლის ანალიზის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეფასდეს რეალური ან არამონეტარული ზემოქმედების ჰიპოთეტური საბაზრო ფასი (გადაწყვეტილების მიღების დროს) და შეჯამდეს ყველა ზემოქმედება ერთგანზომილებიანი მონეტარული სახით. ამ გზით ანალიტიკოსს შეუძლია მიუთითოს განსახილველ ალტერნატივებს შორის საუკეთესოზე.

როგორ შეუძლია ნეოკლასიკურ ეკონომისტს (ან სხვებს) ამტკიცოს, რომ ერთადერთი ალტერნატივა ყველაზე საუკეთესოა მთელი საზოგადოებისათვის?  თითოეული ან ყველა ზემოქმედების შეფასების ერთიანი სქემის კარნახის გამო მიიჩნევა, რომ საზოგადოებაში მიღწეულია კონსესუსი ხსა გზით ზემოქმედებათა შეფასების თაობაზე და რომ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა. ხარჯთ-სარგებლის სახელმძღვანელოს (1970, 1980) ავტორი ეზრა მიშანი აღიარებს, რომ ხსა აგებულია სავარაუდო კონსესუსზე იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს საჯარო პროექტები საზოგადოებაში და რომ ასეთი კონსესუსი აღარ არის რეალისტური. ის მიუთითებდა საჯარო დიალოგში გარემოს საკითხების მზარდ როლზე, რომელშიც აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ბევრ ნეოკლასიკურ ეკონომისტს –  როგორც აღიარებულ ექსპერტებს – შორის, არსებობდეს კონსესუსი ტექნოკრატიული გაგებით, თუმცა ეს შორსაა ამ ესსეში შემოთავაზებული დემოკრატიაზე ორიენტირებული ხედვისგან.

პოზიციური ანალიზი (პა) არის განსხვავებული მიდგომა. იდეა ისევ არის სისტემურად შედარებადი ალტერნატივების შერჩევა, თუმცა პოზიციური ანალიზი ეყრდნობა ეკონომიკსის ზემოთწარმოდგენილ ალტერნატიულ განმარტებას, რომელიც მრავალგანზომილებიან ანალიზსა და დემოკრატიულ საზოგადოებასთან შესაბამისობის ტერმინებშია აღწერილი. პოზიტიური ანალიზი ბევრგან არის  წარმოდგენილი (Brown , et al., 2017). აქ ამ მეთოდის მხოლოდ მიზნებსა და ზოგიერთ მახასიათებელს შევეხებით.

დემოკრატიულ საზოგადოებაში არა ერთი, არამედ მრავალი პოლიტიკური და იდეოლოგიური ხმაა. იმისათვის, რომ პატივისცემით მოვეპყროთ ასეთ განსხვავებებს ანალიზიც მრავალმხრივი უნდა იყოს:

  • იდეოლოგიური ორიენტაციები
  • განსახილველი არჩევანის ალტერნატივები
  • გავლენები სხვადასხვა განზომილებაში

მართალია, განსჯის გასაღები “მრავალმხრივობაა“, პრაქტიკაში, ალბათ, სამი-ოთხი ალტერნატივით უნდა შემოვიფარგლოთ. მსგავსად ამისა, იდეოლოგიური ორიენტაციების რაოდენობაც, შესაძლებელია, სამ-ოთხამდე დაიყვნებოდეს. მრავალმხრივობის კრიტერიუმი იმას ნიშნავს, რომ შემცირდეს მანიპულაციის შესაძლებლობები. ანალიზის დროს მხოლოდ ერთი იდეოლოგიური ორიენტაციით შემოფარგვლა, რომელზეც დამყარებულია მაგალითად  ხსა, არის მანიპულაციის შემთხვევა (ქეისი). ანალიზის დაყვანა ერთ ასარჩევ ალტერნატივამდე (ან ძალიან მსგავს ალტერნატივებამდე), ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს მანიპულაციასთან. სხვა მაგალითია, ფოკუსირება ერთ განზომილებაზე.

პოლიტიკურ ერთობაში შეიძლება იყოს უმრავლესობა, ოპოზიცია და ასავე სხვადასხვა უმცირესობათა შეხედულებები. ზოგიერთი პოლიტიკოსის ან გადაწყვეტილების მიმღებისთვის, შესაძლოა, რელევანტური იყოს იდეოლოგიური ორიენტაცია (რაც ახლოსაა ნეოლიბერალიზმთან), რომელზეც დამყარებულია ნეოკლასიკური ეკონომიკსი და შესაბამისად არტიკულირდებოდეს ანალიტიკოსის მიერ. ამას მოჰყვება განსახილველი ალტერნატივების რანჟირება. პოლიტიკოსების სხვა ჯგუფის ან დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, მდგრადობა ან მდგრადი განვითარება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. სავარაუდოდ,  ეს მიგვიყვანს განსახილველი ალტერნატივების რანჟირებამდე, რომელიც განსხვავებული იქნება რანჟირების წინა შემთხვევისაგან. ეს კი გვაძლევს პოზიციური ანალიზის (პა)  შედეგებს „პირობითი დასკვნების“ ფორმით, თითოეული იდეოლოგიური ორიენტაციის შესაბამისად.

მაშინ, როცა ხსა-ის მიზანი არის არსებულ ალტერნატივებს შორის ერთი „ოპტიმალური“ გადაწყვეტის მოძებნა, პა-ის იდეა მგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკოსებისა და სხვა დაინტერესებულთათვის საკითხი “გაშუქდეს“ მრავალწახნაგოვნად. კომპლექსურობას უნდა მიენიჭოს სერიოზული მნიშვნელობა და არ უნდა იქნას დაკნინებული ( სოდერბაუმი, 2020). გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა იცოდნენ, თუ რას აკეთებენ, როცა ალერნატივებს შორის ირჩევენ. იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ ანალიტიკოსი უფრო ზომიერია თავის განცხადებებში, ვიდრე „ექსპერტი“ – ამ სიტყვის უკიდურესი გაგებით.

როგორც მიდგომის სახელი გვიჩვენებს, „პოზიციური აზროვნება“, არის პა-ს ფუნდამენტური ნაწილი. რაიმე დაგეგმვის სიტუაციაში არსებობს საწყისი პოზიცია სხვადასხვა განზომილებაში – მაგალითად, მიწათსარგებლობის, წყლის, ნიდაგის, ჰაერის დაბინძურების ან ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მომავალ მდგომარეობებსა თუ პოზიციებზე ცალკეული ინდიკატორით გაზომილ განსახილველ თითოეულ ალტერნატივას?

არამონეტარულ მხარეს, როცა კი შესაძლებელია, უნდა განიხილებოდეს და „შუქდებოდეს“ ინერციის სხვადასხვა ასპექტი – ისეთი,  როგორიც არის შეუქცევადობა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებას ექნება ორ- ან მრავალსაფეხურიანი პროცესის ხასიათი. დღეს ერთი ალტერნატივის არჩევით კარი დაეკეტება მომავლის რაღაც  შესაძლებლობებს და კარი გაეხსნებათ მომავლის სხვა მოძრაობებს. ამ აზრით, აქ ვაწყდებით მსგავსებებს ჭადრაკის თამაშის გადაწყვეტილების მიღების პროცესთან.

პოლიტიკის კეთება დემოკრატიულ საზოგადოებაში

პოლიტიკის კეთების ნეოკლასიკური ხედვა პირდაპირ გამომდინარეობს ინდივიდებისა და ფირმების მექანიცისტურ ხედვიდან ეკონომიკაში და უკავშირდება ღირებულება-ნეიტრალურ პოზიტივისტურ იდეას. აკრიტიკებს რა ამ ხედვას, მერი კლარკი მიმართავს“ ბილიარდის ბურთის“ მეტაფორას (2002, pp.6-8). ბურთები ჰგავს სოციალურ ატომებს, რომლებიც ექვემდებარებიან მოთამაშის, ანუ ეროვნული მთავრობის, გარედან ზემოქმედებას. მონეტარულიგ განზომილება არის გული ნეოკლასიკური ანალიზისა, რომელიც გვეუბნება, რომ ინდივიდები და ფირმები შეიძლება იმართებოდნენ გადასახადებითა და მსგავსი სტიმულებით.

ეკონომიკაზე,  რასაკვირველია, შეიძლება გავლენა იქონიოს ცვლილებებმა მონეტარული სტიმულების სისტემაში. მაგრამ, თვითრეგულირებადი ბაზრებისადმი რწმენის გამო, ნეოკლასიკური ეკონომისტი, შესაძლოა, შეეწინააღმდეგოს კიდეც საგადასახადო რეფორმების განხორციელების საკითხს. კონკურენტული იდეოლოგიური ორიენტაციებისადმი უნდა იყოს გახსნილი დამოკიდებულება. დავუბრუნდეთ ჩვენი პოლიტეკონომიკური პიროვნების (პპ) და პოლიტეკონომიკური ორგანიზაციის (პო) დაშვებებს. პოლიტიკის კეთება დემოკრატიულ საზოგადოებაში იწყება ინდივიდისაგან, როგორც აქტორისაგან თავის სხვადასხვა როლით. თუ ინდივიდი ხელმძღვანელობს იდეოლოგიური ორიენტაციით, მაშინ პოლიტიკის კეთება უნდა მოიცავდეს განსხვავებული და ხშირად შეუთავსებელი იდეოლოგიური ორიენტაციების ანალიზს. მაგალითად,  გაეროს მიერ სანქცირებული მდგრადი განვითარება, თავისი 17 მიზნის გაგებით,  განსხვავდება ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის მოგების იმ იდეებისაგან, რომლებიც ლეგიტიმური გახადა ნეოკლასიკურმა თეორიამ.

ამიტომაც, ეროვნული მთავრობების ერთ-ერთი როლია, ხელი შეუწყონ ინდივიდებს, როგორც მოქალაქეებს და როგორც ორგანიზაციის წევრებს, შეცვალონ თავიანთი მოქმედებები, ქცევები და ცხოვრების წესი, რათა უფრო მეტად მოვიდნენ თანხვედრაში საყოველთაო პოლიტიკებთან, ისეთთან,  როგორიც არის მდგრადი განვითარება. ინდივიდებს შეუძლიათ, მონაწილეობას იღებდნენ საჯარო განხილვებში და სარგებლობდნენ სიტყვის თავისუფლებითა თუ ადამიანთა სხვა უფლებებით. საერთო მიზნებზე მუშაობისას, შესაძლებელია ისეთი აქტორების თანამშრომლობა ქსელებში ან ორგანიზაციებში, რომლებიც ენდობიან ერთმანეთს.

თუმცა, დემოკრატია არ არის ყოველთვის საერთო მიზნების შესახებ. მდგრადი განვითარების მისაღწევად, შესაძლოა,  არსებობდეს ერთზე მეტი შეხედულება. დემოკრატიის ფუნქციონირების სიძლიერე იმაშია, რომ ინტერესთა კონფლიქტი თვალსაჩინო ხდება. ამას კი შეუძლია, გამოიწვიოს შემდგომი დიალოგის ინიცირება, სადაც შეიძლება ასევე ჩაერთონ მედია აქტორები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები და წარიმართოს “მრავალმხრივი“ ანალიზი. უნივერსიტეტის ჩართულობის მაგალითია ედვარდ ფულბროკის მიერ არანაკლებ 20 ჰეტეროდოქსი ეკონომისტის შეკრება, რათა ეჩვენებინა, თუ რა შეეძლოთ მათ შემოეთავაზებინათ ახლანდელ კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებით (Fullbrook and Morgan, eds., 2020). ეს არის მეცნიერების წვლილი, მაგრამ იწყება გარკვეული ღირებულებებისადმი ვალდებულებით და არა ღირებულება-ნეიტრალურობის განცხადებით. სიტყვის თავისუფლება, საჯარო დიალოგი და ეკონომიკური ანალიზი, რაც თავსებადია დემოკრატიასთან, ფაქტობრივად შეიძლება განვიხილოთ, როგორც უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. მეორეს მხრივ, ტექნოკრატია და კერძოდ პოლიტიკური დიქტატურა ამცირებს ადრეული გაფრთხილებისა (ე.წ. „განგაშის სიგნალების“-მთარგმნელი) და ქმედების შესაძლებლობებს.

დასკვნითი კომენტარები

აქ ხაზგასმული არამონეტარული პოზიციური აზროვნება არის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთგვარი ინსტიტუციონალური ეკოლოგიური ეკონომიკსისა, მაშინ როცა პოლიტიკის კეთება, როგორც ნაწილი ნეოკლასიკური მიდგომისა ხარჯთ-სარგებლის ანალიზის (ხსა) მეთოდით, ხაზს უსვამს მონეტარულ აზროვნებას, სადაც ყველა სახის გავლენა ერთმანეთის მიმართ „გაყიდვადია“ (ურთიერთგაყიდვადია). მჯერა, რომ ეს „მონეტარული რედუქციონიზმი“ და ნეოკლასიკური ეკონომიკსის მონოპოლია სწავლებასა  და  კვლევებში არიან იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც განაპირობებენ ახლანდელ კლიმატურ კრიზისსა და მმართველობის სხვა ჩავარდნებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვამტკიცებ, რომ უკვე დროა კარი გავუხსნათ ინსტიტუციონალურ ეკონომიკსს და ჰეტეროდოქსული აზრის  სხვა სკოლებს ეკონომიკსში (Baker ed., 2020; Deker et al., eds, 2020).

“დემოკრატია“ იშვიათად განიხილება მეინსტრიმული ეკონომიკსის სახელმძღვანელო წიგნებში. შესაძლოა, მეინსტრიმული ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ დემოკრატია სხვა ისეთი დისციპლინების ნაწილია, როგორებიც არიან პოლიტიკური მეცნიერება, ან უფრო ზოგადად –  სოციალური მეცნიერებები. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის დემოკრატიის კონსტიტუციური უფლებების პატივისცემა შელახული მსოფლიოს სხვადასხა ნაწილში. მჯერა , რომ ჩვენთვის როგორც ეკონომისტებისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, რათა დემოკრატია გახდეს ჩვენი ანალიზების არსებითი ელემენტი. და ისიც უნდა დავუმატოთ, რომ დემოკრატია არ ეხება მხოლოდ დიდ საზოგადოებას, არამედ სწავლულთა შორის ურთიერთობის საკითხიც არის უნივერსიტეტის კონტექსში. ჩემი წერილის ძველ ვერსიაზე მე მივიღე ორი პიროვნების, რაფაელ გალვაო დე ალმეიდასა და ჯეიმი მორგანის სასარგებლო და ფიქრისაღმძვრელი კომენტარები. ისეთ ჟურნალს, როგორიც არის ეკონომიკური აზრი, შეუძლია გამოაქვეყნოს აღნიშნული დიალოგი და ამით წვლილი შეიტანოს დემოკრატიის გაძლიერებაში. ასე მიღებული კომენტარებიდან მე გავაკეთებ დასკვნებს იმ შესაძლებლობებზე მითითებით, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ ან არ ვისწავლოთ ეკონომიკსში, ჯეიმი მორგანის მიერ ხაზგასმულ თანამედროვე „კლიმატ-ურგენტულობისაგან“. ასევე პანდემია კოვიდ -19 იძლევა შესაძლებლობებს, გადავდგათ ნაბიჯები უფრო გახსნილი და პლურალისტული ეკონომიკსისაკენ.


გამოყენებული ლიტერატურა

  • Beker, Victor A. ed. (2019) Alternative Approaches to Economic Theory. Complexity, Post-Keynesian and Ecological Economics. London: Routledge.
  • Bode, Thilo (2018) Die Diktatur der Konzerne. Wie globale Unternehmen uns schaden und die Demokratie zerstören. Frankfurt am Main: S. Fischer. 
  • Brown, Judy, Peter Söderbaum, Malgorzata Dereniowska (2017) Positional Analysis for Sustainable Development. Reconsidering Policy, Economics and Accounting. London: Routledge.
  • Clark, Mary E. (2002) In Search of Human Nature. London: Routledge. 
  • Daly, Herman E. and John B.Cobb, Jr. (1989) For the Common Good. Redirecting the Economy Toward Community, the Environment and a Sustainable Future. Boston: Beacon Press. 
  • Decker, Samuel, Wolfram Elsner and Svensja Flechtner, editors (2020). Principles and Pluralist Approaches to Teaching Economics. Towards a Transformative Science (Routledge Advances in Heterodox Economics). London: Routledge. 
  • Eckstein, Barbara and James A. Throgmorton, editors (2003) Story and Sustainability. Planning, Practice, and Possibilities for American Cities. Cambridge, Mass.: The MIT Press. 
  • Von Egan-Krieger, Tanja (2014) Die Illusion wertfreier Ökonomie. Eine Untersuchung der Normativität heterodoxer Theorien. Frankfurt am Main: Campus Verlag. 
  • Forsgren, Mats (2017) Theories of the Multinational Firm. A Multidimensional Creature in the Global Economy (Third edition). Cheltenham, UK: Edward Elgar. 
  • Fullbrook, Edward & Jamie Morgan, editors (2020) Economics and the Ecosystem. Bristol: World Economics Association BOOKS. 
  • Jackson, William A. (2019) Markets. Perspectives from Economic and Social Theory. London: Routledge. Kapp, K. William (1970) ‘Environmental Disruption: General Issues and Methodological Problems.’ Social Science Information (International Social Science Council), Vol. 4, No 9, pp. 15-32. 
  • Kapp, K. William (1972 [1950]) The Social Costs of Private Enterprise. New York: Schocken. 
  • Korten, David C. (2001) When Corporations Rule the World. San Francisco: Berrett-Koeler Publishers.
  • Lawson, Tony (2015) Essays on the Nature and State of Modern Economics. London: Routledge. 
  • March, James G. (1994) A Primer on Decision-Making. How Decisions Happen. New York: The Free Press.
  • Mishan, Ezra J. (1971) Cost-Benefit Analysis. London: Allen & Unwin. 
  • Mishan, Ezra J. (1980) ‘How valid are economic evaluations of allocative changes?’ Journal of Economic Issues, Vol. 14, No 1, pp. 143-161. 
  • Myrdal, Gunnar (1969) Objectivity in Social Research. Middletown, Connecticut: Wesleyan University Press. 
  • Myrdal, Gunnar (1978) ‘Institutional Economics.’ Journal of Economic Issues, Vol. 12, No 4, pp. 771- 783. 
  • Economic Thought 10.1: 1-13, 2021 13 North, Douglass C. (1990) Institutions, Institutional Change and Economic Performance. Cambridge: Cambridge University Press. 
  • Olson, M. (1965) The Logic of Collective Action. Public Goods and the Theory of Groups. Cambridge, Mass.: Harvard University Press. 
  • Robinson, Joan (1962) Economic Philosophy. London: C.A. Watts & Co, Ltd. 
  • Schumacher, E. Friedrich (1974) Small is Beautiful. Economics as if People Mattered. London: Abacus. 
  • Söderbaum, Peter (1967) ‘Profitability of Investments and Changes in Stock of Technical Knowledge.’ (Licentiate Thesis). Institute of Business Studies, Uppsala University. 
  • Söderbaum, Peter (1991) ‘Environmental and Agricultural Issues: What is the Alternative to Public Choice Theory?’ Chapter 2, pp. 24-42 in Partha Dasgupta editor (for the International Economic Association), Issues in Contemporary Economics, Volume 3. Policy and Development. London: MacMillan. 
  • Söderbaum, Peter and Judy Brown (2010) ‘Democratizing economics: Pluralism as a path toward sustainability.’ In Annals of the New York Academy of Sciences Vol. 1185 (Ecological Economics Reviews, editors Karin Limburg and Robert Costanza), pp. 179-195. New York: New York Academy of Sciences.
  • Söderbaum, Peter (2018) Economics, ideological orientation and democracy for sustainable development (Second edition). Bristol: World Economics Association BOOKs,. 
  • Söderbaum, Peter (2019) ‘Reconsidering economics in relation to sustainable development and democracy.’ Journal of Philosophical Economics, Vol. XIII, No 1, pp.19-39. 
  • Söderbaum, Peter (2020) ‘Strategies in relation to complexities: from neoclassical Cost-Benefit Analysis to Positional Analysis,’ Chapter 2. In Davis John B. and Wade Hands editors, Economic Philosophy: Complexities in Economics, pp. 75-92. Bristol: World Economics Association BOOKS. 
  • United Nations, Sustainable Development Goals, Accessed January 2020 at: https://sustainabledevelopment.un.org
  • Wilks, Stephen (2013) The Political Power of the Business Corporation. Cheltenham UK: Edward Elgar.

ინფორმაცია ციტირებისთვის: 

Söderbaum, Peter (2021) ‘The Challenge of Sustainable Development: From Technocracy to Democracy-Oriented Political Economics’ Economic Thought, 10.1, pp. 1-13. http://www.worldeconomicsassociation.org/files/journals/economicthought/WEA-ET-10-1-Soderbaum.pdf

პეტერ სიოდერბაუმი არის პროფესორ-ემერიტუსი ეკოლოგიურ ეკონომიკსში, გამოცემული აქვს მრავალი წიგნი და სტატია, წიგნების ცალკეული თავები, არის თანაავტორი რამდენიმე სახელმძღვანელოსი. მისი ბოლო მონოგრაფიებია : „მდგრადობის ეკონომიკსის გაგება“ და „ეკოლოგიური ეკონომიკსი“.

Economic Thought 10.1: 1-13, 2021

პეტერ სიოდერბაუმი, მელარდალენის უნივერსიტეტი, ვესტერასი, შვედეთი

Peter Söderbaum, Mälardalen University, Västerås, Sweden,

peter.soderbaum@mdh.se


იხილეთ აგრეთვე: პოსტპანდემიური გადაწყობა და მდგრადი განვითარების ორიენტირები


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

დავით ადეიშვილი

დავით ადეიშვილი

დავით (მიხეილ) ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი. მრავალწლიანი გამოცდილებით მდგრად განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *