უკანასკნელ წლებში საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი საკითხების წინა პლანზე წამოწევამ აქტუალური გახადა ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ კორპორაციული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის (იგივე Corporate Environmental Responsibility ან CER) განხორციელების საკითხიც. CER-ის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს, რადგან ცალკეული დაინტერესებული მხარეები მას განსაზღვრავენ იმის მიხედვით, თუ რა დგას მათ დღის წესრიგში. უფრო კონკრეტულად, ბიზნეს სექტორში, როგორც წესი, CER-ს ენიჭება ისეთი განსაზღვრება, რომელიც წინა პლანზე აყენებს მის ნებაყოფლობით ელემენტს. ბიზნეს სექტორისგან და მთავრობებისგან განსხვავებით, CER-ის განმარტებისას არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ მის „ნებაყოფლობით“ მხარეზე და, პირიქით, ფოკუსირებულნი არიან კომპანიების პასუხისმგებლობაზე, იმოქმედონ ისე, როგორც „კარგ კორპორაციულ მოქალაქეს“ (Good Corporate Citizen) შეეფერება. რაც შეეხება CER-ის უფრო ნეიტრალურ დეფინიციებს, ისინი თავს არიდებენ სამართლებრივ სტანდარტებზე აპელირებას, თუმცა, განმარტავენ, რომ არსებობს გარკვეული ეთიკური პრინციპები, რომლებიც კომპანიებმა მხედველობაში უნდა მიიღონ იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ საზოგადოების მოლოდინები იმ პირობებში, როდესაც კანონის ძალით მოქმედი არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავებული ინტერესების მქონე მხარეების მიერ წარმოდგენილ განსხვავებულ დეფინიციებს აქვთ საერთო ელემენტები: CER-ის ნებაყოფლობითი ასპექტი და მოლოდინი, რომ ბიზნეს კომპანიები „გადააჭარბებენ“ სამართლით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ საზოგადოების მოლოდინები. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ CER-ის დეფინიციებიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ ღონისძიებას.
ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ თვითრეგულაციების გამოყენება
ისეთი ქვეყნები, რომლებიც კაპიტალის ექსპორტს ახორციელებენ (მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და აშშ), უპირატესობას ანიჭებენ CER-ის ნებაყოფლობით მიდგომებს; CER-ის ინიციატივების მხედველობაში მიღებით კი ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ თავი აარიდონ ზიანს, რაც შეიძლება მთავრობის ინტერვენციამ, ანუ მათ მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა მოუტანოს მათ ინდუსტრიულ სექტორებს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის კუთხით1. შედეგად, ამ ქვეყნებში CER რეგულაციები დამოკიდებულია თვითრეგულაციაზე, რაც, თავის მხრივ, იმას გულისხმობს, რომ ეს რეგულაციები არ წარმოადგენენ სახელმწიფო რეგულაციებს და არ ითვალისწინებენ მთავრობების პირდაპირ ინტერვენციას მათ აღსრულებაში.ინდივიდუალური თვითრეგულაციის შედეგი ის არის, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები ჩართულნი არიან მხოლოდ მათ მიერ ინიცირებულ CER-ის სქემებში,კონკრეტული ინდუსტრიის სექტორის პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად. ის, რომ არ არსებობს ერთიანი სისტემა და მოთხოვნები, რომლებსაც ყველა ტრანსნაციონალური კორპორაცია დაემორჩილებოდა, იწვევს იმას, რომ სენსიტიურ სექტორებში მოღვაწე ტრანსნაციონალური კორპორაციები (მაგალითად, სამთო სამრეწველო, ნავთობმომპოვებელი, ან ქიმიკატების ინდუსტრიები) ერთმანეთის „ტყვეები“ ხდებიან. კერძოდ, თუკი A ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ ინვესტიცია ჩადო გარემოს დაცვის კუთხით და შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, ხოლო B ნავთობკომპანიამ იგივე ღონისძიებები არ განახორციელა, რის შედეგადაც გარემოს ზიანი მიადგა, B კომპანიის წარუმატებლობა გარემოს დაცვის კუთხით A კომპანიის რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება.
ერთ ინდუსტრიაში მოღვაწე ყველა კორპორაციის სურვილი არის ის, რომ მათ ინდუსტრიებს „კარგი რეპუტაცია“ ჰქონდეს. იმისათვის, რომ ერთ სექტორში მოღვაწე კორპორაციებმა დაინტერესებული მხარეების თვალში საიმედოობა შეინარჩუნონ და თავიდან აიცილონ მკაცრი რეგულაციები მთავრობებისგან, ტრანსნაციონალური კორპორაციები მიმართავენ კოლექტიურ CER სქემებს, იგივე კოლექტიურ თვითრეგულაციას2. შესაბამისად, თვითრეგულაციამ დასაბამი მისცა ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ ინდივიდუალურ ან კოლექტიურ CER სქემებში ჩართვას, რაც, ერთი შეხედვით, წინგადადგმული ნაბიჯია მათ მიერ ვალდებულებების თავზე ასაღებად. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ინდივიდუალურ ან კოლექტიურ CER სქემებში ნებაყოფლობით ჩართვა არ ნიშნავს იმას, რომ კორპორაციის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა რეალურად დაცულია. მაგალითისთვის, ინდუსტრიის კოლექტიური თვითრეგულაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ე.წ. Equator Principles (EPs), რომელიც წარმოადგენს რისკის მენეჯმენტის ჩარჩოს, რომელშიც ფინანსური ინსტიტუციები ებმებიან საკუთარი სურვილით3. კერძოდ, Equator Principles-ის მიღების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მასში გაერთიანებული პრინციპები (მაგ., due diligence-ისა და მონიტორინგის მინიმალური სტანდარტები) ახალისებენ ფინანსურ ინსტიტუციებს, პროექტებზე მუშაობის დროს გაითვალისწინონ გარემოს დაცვის საკითხები და ადამიანის უფლებები. სანაცვლოდ კი, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუციები სარგებლობენ გაუმჯობესებული რეპუტაციით ბაზარზე და უკეთესი პოზიციით კონკურენტუნარიან გარემოში. ამჟამად Equator Principles-ის ქოლგის ქვეშ მსოფლიო მასშტაბით ნებაყოფლობითაა გაერთიანებული 101 ფინანსური ინსტიტუცია. ის ფაქტი, რომ 101 ფინანსური ინსტიტუცია ნებაყოფლობით შეუერთდა Equator Principles-ს, ერთი შეხედვით, მოასწავებს, რომ ინსტიტუციები უალტერნატივოდ დაემორჩილებიან ჩარჩო-პრინციპებში გაწერილ მოთხოვნებს. რეალურად კი ეს ასე არაა, რადგან არსებობს მაგალითები, როდესაც წევრი ფინანსური ინსტიტუციები ჩაერთვნენ ისეთ პროექტებში, რომლებიც Equator Principles-ის მოთხოვნებს არღვევდნენ.
საილუსტრაციოდ აღსანიშნავია 3.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობის მილსადენის პროექტი, რომელიც ცნობილია Amnesty International-ის მიერ გამოაშკარავებული სხვადასხვა გარემოსდაცვითი თუ ადამიანის უფლებათა დარღვევით – მაგალითად, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით, გარემოს დეგრადაციის კუთხით, ქალების დისკრიმინაციის კუთხით და ა.შ.4 აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, სესხის გამცემი 15 ბანკიდან 9 Equator Principles-ის ხელმომწერი იყო. ამ მაგალითით კარგად ჩანს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს შემბოჭავი კანონი და კორპორაციების „დაუსჯელობის სინდრომი“ ფართოდაა გავრცელებული, ნებაყოფლობითი CER-ის უგულებელყოფა შესაძლებელი ხდება სწორედ ამ უკანასკნელის ნაკლოვანებების და შეზღუდვების წყალობით.
ნებაყოფლობითი CER-ის ნაკლოვანებებიდან/შეზღუდვებიდან, inter alia, აღსანიშნავია კორპორაციების არაჰარმონიზებული ანგარიშგება, ეფექტური მონიტორინგის არარსებობა, აღსრულების მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, რასაც სათითაოდ განვიხილავთ ქვემოთ:
1. არაჰარმონიზებული ანგარიშგება და არაეფექტური მონიტორინგი – ტრანსნაციონალური კორპორაციების ანგარიშები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები დაცვის მხოლოდ მინიმუმ სტანდარტებს აწესებენ კომპანიებისთვის, რაც ამ უკანასკნელთ დიდ თავისუფლებას ანიჭებს. მაგალითისთვის, UK Companies Act 2006 მოითხოვს კომპანიებისგან სტრატეგიის და დირექტორის ანგარიშებს5, თუმცა იგივე აქტი არ განსაზღვრავს კომპანიებისთვის კონკრეტული და თანმიმდევრული ანგარიშგების ფორმატს. როგორც დარგის ცნობილი მკვლევრები, ბეატე შეფელი და ბენჯამინ რიჩარდსონი აღნიშნავენ, იმის გამო, რომ ზოგადად CSR-ის ანგარიშგება ნებაყოფლობითი და დისკრეციული ღონისძიების ნაწილია, შედეგად ვიღებთ იმას, რომ ანგარიშები არათანმიმდევრული, ბუნდოვანია და შეუძლებელი ხდება სხვადასხვა კომპანიის ანგარიშის ერთმანეთთან შედარება.6 მაგალითად, თუკი კომპანია მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს, ისინი ამის შესახებ ანგარიშში გარკვეულ ჩანაწერს აკეთებენ, ხოლო თუ არა – მათ აქვთ დისკრეცია კლიმატის ცვლილების კომპონენტი ანგარიშიდან მთლიანად ამოიღონ. შედეგად, შეუძლებელი ხდება გარემოსდაცვითი საქმიანობის მიხედვით ტრანსნაციონალური კომპანიების შედარება და რანჟირება, მიღწევებისთვის ლიდერების წახალისება და „წარუმატებლების“ დასჯა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებაყოფლობითი ინიციატივების არათანმიმდევრულობის გამო, ტრანსნაციონალურ კომპანიებს შეუძლიათ თავად აირჩიონ მონიტორინგის მეთოდები; ამით კი, მათ თავიანთი წლიური ანგარიშებით მანიპულირება ხელეწიფებათ.7 კერძოდ, თუკი მონიტორინგის მეთოდების არჩევას კომპანიას ვანდობთ, ამით კორპორაციებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავიანთი ანგარიშები და ნებაყოფლობითი ინიციატივები გამოიყენონ ე.წ. გრინვოშინგისთვის (greenwashing). გრინვოშინგიემსახურება კომპანიისთვის იმიჯის შექმნას, თითქოს ისინი ანგარიშვალდებულები არიან გარემოსდაცვითი საკითხის მიმართ. სინამდვილეში, ისინი წლიური ანგარიშის წერისას მიზანმიმართულად არჩევენ მხოლოდ ისეთ ინფორმაციებსა და მოვლენებს გარემოსდაცვითი კუთხით, რომელთა საჯაროდ აფიშირებას მათთვის კარგი რეპუტაციის შექმნა შეუძლიათ. გრინვოშინგი განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ქვეყნებში, სადაც გარემოსდაცვითი კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაკლებობაა (მაგალითად, საქართველოში) და ქვეყანა, სადაც ტრანსნაციონალური კორპორაცია ოპერირებს, ნაკლებად იძლევა სამოქალაქო თავისუფლებებსა და პოლიტიკურ უფლებებს.8
2. ანგარიშვალდებულება – რაც შეეხება ანგარიშვალდებულების საკითხს, როგორც წესი, თუკი ტრანსნაციონალურ კორპორაციას თავისი კორპორაციის სტრუქტურა კარგად აქვს დაგეგმარებული, ეს მას საშუალებას აძლევს, მშობელი კომპანიის მიერ თავის შვილობილთან სამართლებრივი კავშირის გაწყვეტის გზით, თავი აარიდოს სასჯელს ჩადენილი დარღვევებისთვის. მაგალითისთვის, ინგლისურ სამართალში დღემდე Chandler v Cape წარმოადგენს ერთადერთ ქეისს, სადაც ინგლისურმა სასამართლოებმა მშობელ კომპანიას დააკისრეს პასუხისმგებლობა შვილობილი კომპანიის დარღვევებზე.9 ეს მაგალითი კარგად წარმოაჩენს, რომ ეკოლოგიური კატასტროფის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია უჩივლო მშობელ კომპანიას, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც განვითარებადი ქვეყნების ეროვნული სამართალი თავად ახდენს მულტინაციონალური კომპანიების გარემოსდაცვითი მოვალეობების რეგულირებას, ან როდესაც არსებობს საწარმოს პასუხისმგებლობის („enterprise liability“) ისეთი ფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მთლიან ტრანსნაციონალურ კორპორაციას უჩივლო.
3. აღსრულების მექანიზმების ნაკლებობა – ნებაყოფლობითი CER ინიციატივების დაუმორჩილებლობა საერთაშორისო ან სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ დაწესებულ სანქციებს არ იწვევს, რაც ტრანსნაციონალურ კორპორაციებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ გარემოსთვის საზიანო ღონისძიებებში. რადგანაც თვალნათელია, რომ ნებაყოფლობითი CER და ტრანსპარანტულობის მინიმალური სტანდარტი არ აძლევს სათანადო ბიძგს დიდ კორპორაციებს, შეამცირონ გარემოსთვის ზიანის გამომწვევი ქმედებები, დღის წესრიგში დგება აღსრულების მექანიზმის საჭიროების საკითხი.
აღსრულების მექანიზმების ნაკლებობა განსაკუთრებით საზიანოა საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, იმ განვითარებად ქვეყნებს, სადაც ტრანსნაციონალური კორპორაციები ოპერირებენ, არ აქვთ გარემოს მენეჯმენტისთვის საჭირო თანხები. მაგალითად, პერუში იყო შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აპელირებდა, რომ მთავრობას უნდა ემოქმედა და ბოლო მოეღო ამერიკული კორპორაციის Newmont Mining-თვის გარემოს დაბინძურების პრაქტიკისთვის. საპასუხოდ პერუს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, თუმცა მან აქვე მიუთითა, რომ ბიუჯეტში არ იყოს შესაბამისი თანხები ავტონომიური მონიტორინგის ორგანოს ჩამოსაყალიბებლად. თანხების უკმარისობა კი, თავისთავად, თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს. რაც შეეხება მეორე მიზეზს, განვითარებადი ქვეყნების მთავრობები, როგორც წესი, არ არიან მოწადინებულნი წნეხის ქვეშ მოაქციონ ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობა, რადგან მათ ინვესტიციების დაკარგვის ეშინიათ. შიში, რომ ეს ტრანსნაციონალური კომპანიები თავიანთ ინვესტიციებს სხვა ქვეყნების ეკონომიკაში ჩადებენ, იწვევს გარემოს დაცვის შესახებ მკაცრი კანონებისა და აღსრულების მექანიზმების არარსებობას განვითარებად ქვეყნებში. ამგვარი „კომფორტული“ სამართლებრივი გარემო, რა თქმა უნდა, ინვესტორ ტრანსნაციონალურ კომპანიებს იზიდავს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ხელს უწყობს ე.წ. „დაბინძურების ნავსაყუდელის ჰიპოთეზის“ (Pollution Haven Hypothesis) განვითარებასაც, რომლის თანახმად, განვითარებული ქვეყნების კომპანიებს გადააქვთ თავიანთი საქმიანობა ისეთ ქვეყნებში, სადაც ნაკლებადაა დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს თავიანთი „ბინძური“ საქმიანობა ნაკლებ ფასად განახორციელონ.10 მორიგი მიზეზია ადგილობრივი მთავრობის შიში, კორპორაციის არამართლზომიერი საქმიანობის დარეგულირების შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის „ხელსაყრელი ბიზნესგარემოს“ იმიჯი არ შეილახოს. ამ შიშის საფუძვლიანობას ადასტურებს ამერიკული კომპანია ფრონტერას საქმიანობა საქართველოში და კომპანიის წინააღმდეგ გამოტანილი საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს წინააღმდეგ აგორებული ნეგატიური კამპანია.
რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვალდებულების არქონის მიუხედავად, კორპორაციები ნებაყოფლობით მართლაც ემორჩილებიან CER-ით გაწერილ მოთხოვნებს. ცნობილი მკვლევარი, ნილ განინგემი ამგვარ კომპანიებს „ნამდვილ მორწმუნეებს“ (True Believers) უწოდებს.11 მისი თქმით, ეს კომპანიების ისეთი უიშვიათესი კატეგორიაა, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან გარემოსდაცვით საკითხებს არა სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ „ეს არის სწორი მიდგომა“. სამწუხაროდ, ამგვარი კეთილსინდისიერი კორპორაციების რაოდენობა მცირეა, რაც ისევ იმ დებულებასთან გვაბრუნებს, რომ ნებაყობლობითი CER-ის ნაკლოვანებები და შეზღუდვები კორპორაციების მიერ CER-ის იგნორირებას შესაძლებელს ხდის.
სტატიაში განხილული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნებოდა საკითხის საერთაშორისო ხელშეკრულებით დარეგულირების გზით – ამ შემთხვევაში, თუ მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციების თავიდან ასარიდებლად ტრანსნაციონალური კორპორაცია X ქვეყნიდან Y ქვეყანაში გადავა, ეს უკანასკნელი მაინც ვერ გაექცევა საერთაშორისო ხელშეკრულებების ეფექტს. ამ ფონზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დღემდე ვერ მოახერხა შეექმნა ტრანსნაციონალური კორპორაციებისადმი მიმართული სამართლებრივად მბოჭავი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც გარემოსდაცვით უფლებებს აღიარებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამგვარი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება იდეის დონეზე 1970-იანი წლებიდან განიხილება. გარემოსდაცვით საკითხებზე დღესდღეობით არსებობს ტრანსნაციონალური კორპორაციებისადმი მიმართული რამდენიმე ქცევის წესი, დეკლარაცია და გაიდლაინი, რომელთა შორისაა OECD Guidelines for Multinational Enterprises12, United Nations Global Compact13, UN’s Draft Norms14, Rio +20 Global Summit.15 ჩამოთვლილი დოკუმენტები ნებაყოფლობითი ხასიათისაა; ისინი არ აკისრებენ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ტრანსნაციონალურ კორპორაციებს. ამის ნაცვლად, კორპორაციებს შეუძლიათ უბრალოდ მხედველობაში მიიღონ აღნიშნული დოკუმენტები გარემოსდაცვითი საკითხების მენეჯმენტის დროს. შესაბამისად, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ნებაყოფლობითი დოკუმენტი, ეს დოკუმენტებიც რბილი სამართლის ნაწილს წარმოადგენენ და მათ ბევრი კორპორაცია უგულებელყოფს.
ისმის კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა დღემდე სამართლებრივად მბოჭავი საერთაშორისო ხელშეკრულების მიღება. ბიზნესისა და ადამიანის უფლებების გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯონ რუჯი, მიზეზებს შორის აღნიშნავს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკების პროცესის სირთულეს, რაც, მისი აზრით, მოკლევადიან ღონისძიებებს ძირს უთხრის; ასევე, რუჯი ხაზს უსვამს აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს.16 იმის მიუხედავად, რომ რუჯის არგუმენტები საფუძვლიანია, ისიც ფაქტია, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები და ქვეყნები, რომლებშიც ისინი არიან დაფუძნებულნი, იქამდე გააგრძელებენ მბოჭავი სამართლებრივი ვალდებულებების ოპონირებას, სანამ მათ ამის უფლებას მისცემს საერთაშორისო საზოგადოება. შესაბამისად, სტატუს-კვოს პირობებში, სწორედ სამოქალაქო საზოგადოება და ინდივიდუალური მთავრობები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელმაც უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აღსრულების მექანიზმების გაძლიერების საკითხსა და ეფექტური მონიტორინგის გაწევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსნაციონალური კორპორაციები უბრალოდ გააგრძელებენ არსებული სტატუს-კვოთი სარგებლობას და ეს პრობლემა მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც გადაუჭრელი იქნება.
სქოლიო
1. Jennifer A. Zerk, Multinationals and Corporate Social Responsibility: Limitations and Opportunities in International Law (Cambridge University Press 2006), 7.2. Neil Gunningham, ‘Corporate environmental responsibility: law and the limits of voluntarism’ (CUP, 2007), 487.
3. Equator Principles
4. Amnesty International, ‘Human Rights on the line: The Baku-Tbilisi-Ceyhan pipeline project’ (2003).
5. UK Companies Act 2006.
6. Beate Sjåfjell and Benjamin J. Richardson, ‘The Future of Company Law and Sustainability’ (CUP 2016).
7. Rosen-Zvi, ‘You Are Too Soft!: What Can Corporate Social Responsibility Do for Climate Change?’ (2011) 12 Minnesota Journal of Law, Science & Technology.
8. Christopher Marquis, et al., ‘Environmental Disclosure: Corporate Accountability or Greenwashing?’
9. Chandler v Cape [2012] EWCA Civ 525
10. JA Aragón-Correa, et al., ‘The natural environmental strategies of international firms: old controversies and new evidence on performance and disclosure’ (2016) 30 The Academy of Management Perspectives.
11. Neil Gunningham, ‘Corporate environmental responsibility: law and the limits of voluntarism’ (CUP, 2007), 478-479.
12. OECD Guidelines for Multinational Enterprises (1976).
13. United Nations Global Compact (2000).
14. UN’s Draft Norms on the Responsibilities of Transnational Corporations and Other Business Enterprises with regard to Human Rights (2003).
15. Rio +20 Global Summit
16. John G Ruggie, ‘Business and Human Rights: The Evolving International Agenda’ (2007) 101 AJIL.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: რატომ არის CSR-ის დღეები დათვლილი?.