მდგრადი განვითარების მიზნები

მდგრადი განვითარების მიზანი 6: სუფთა წყალი და სანიტარია

იხილეთ მიზანი „სუფთა წყალი და სანიტარია“.


ყველასთვის ხელმისაწვდომი სუფთა წყალი არის ისეთი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი, როგორშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ პლანეტაზე საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალია. მიუხედავად აღნიშნულისა, ცუდი ეკონომიკის ან  ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იღუპებიან წყლის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებებით, ანტისანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების დაუცველობით.

წყლის სიმცირე, წყლის დაბალი ხარისხი და სანიტარული ნორმების არასაკმარისად დაცვა მსოფლიოს მასშტაბით უარყოფითად მოქმედებს სურსათის უვნებლობაზე, საარსებო წყაროებსა და საგანმანათლებლო საშუალებებზე. ამჟამად 2 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს მტკნარ წყალზე შემცირებული ხელმისაწვდომობის რისკის ქვეშ, ხოლო 2050 წლისთვის ოთხიდან ერთი ადამიანი იცხოვრებს მტკნარი წყლის დეფიციტით დაზარალებულ ქვეყანაში.

გვალვით ზარალდება მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები, რაც აუარესებს შიმშილის მაჩვენებლებს. საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სასმელი წყლით მომარაგებით და სანიტარულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრესის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს აქვს წვდომა სასმელი წყლის გაუმჯობესებულ წყაროებზე.

სანიტარული მდგომარეობის და სასმელი წყლის გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ განვითარებად ქვეყნებში, სუბ-საჰარის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ აზიის, აღმოსავლეთ აზიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე რეგიონში ადგილობრივ დონეზე მოხდეს ინვესტიციების გაზრდა მტკნარი წყლის ეკოსისტემების და სანიტარული ობიექტების მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად.

ქვემიზნები მიზნისთვის „სუფთა წყალი და სანიტარია“:

  • 2030 წლისთვის ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა
  • 2030 წლისთვის ყველა ადამიანისთვის ადეკვატურ და თანაბარ სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებზე წვდომის მიღწევა და ღია დეფეკაციის აღმოფხვრა, საგანგებო ყურადღების მიპყრობით ქალებისა და გოგონების, ასევე მოწყვლად სიტუაციებში მყოფი ადამიანების საჭიროებებისათვის.
  • 2030 წლისთვის წყლის ხარისხის გაუმჯობესება დაბინძურების შემცირებითა და საზიანო ქიმიური ნივთიერებების ჩაღვრის ელიმინაციის გზით; დაბინძურებული ჩამდინარე წყლების მოცულობის განახევრება და მყარი ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხო ხელახალი გამოყენების მასშტაბების მნიშვნელოვნად ზრდა მსოფლიოს მასშტაბით
  • 2030 წლისთვის ყველა სექტორში მნიშვნელოვნად გაზრდილი წყლის გამოყენების ეფექტურობა და მტკნარი წყლის მდგარდი გამოყენება, წყლის დეფიციტის აღმოფხვრისა და აღნიშნული პრობლემის მქონე პირების რაოდენობის არსებითი შემცირება
  • 2030 წლისთვის წყალმომარაგების ინტეგრირებული მენეჯმენტის დანერგვა ყველა დონეზე, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გზით
  • 2020 წლისთვის წყლის რესურსთან დაკავშირებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა, მათ შორის მთების, ტყეების, მდინარეებისა და ტბების
  • 2030 წლისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება; განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა წყალთან და სანიტარიასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, წყლის მოპოვების, გამტკნარების, ჩამდინარე წყლების მართვის, გადამუშავებისა და ხელახანი გამოყენების ტექნოლოგიების კუთხით
  • წყალმომარაგებისა და სანიტარიული მართვის გაუმჯობესების პროცესში ადგილობრივი თემების მონაწილეობის ხელშეწყობა და გაძლიერება

იხილეთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი ჩვენს ვებ-გვერდზე.

წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/water-and-sanitation/

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *