ნახშირბადის დიოქსიდის ახალი რეკორდი
წყარო: Unsplash/Johannes Plenio

ნახშირბადის დიოქსიდის ახალი რეკორდი

ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის (CO) დონემ 2019 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და 410.5 მემილიონედი (ppm) შეადგინა. ამ მონაცემს მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) აქვეყნებს და დასძენს, რომ 2020 წელს ნახშირბადის დიოქსიდის დონეს კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.

„ჩვენ მსოფლიოს დაბინძურების მაქსიმალურად მისაღებ დონეს, 400 ppm-ს 2015 წელს გადავაბიჯეთ და მხოლოდ ოთხი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ 410-იან ნიშნულსაც ავცდენილიყავით. მსგავსი ზრდის ტემპი არასდროს დაგვიფიქსირებია. ლოქდაუნის გამო ემისიების შემცირების სიდიდე მხოლოდ პაწაწინა გადახრა იყო გრძელვადიანი მზარდი გრაფიკიდან. ჩვენ მრუდის მდგრადად და გრძელვადიანად გასწორება გვჭირდება.“ – აცხადებს WMO-ს გენერალური მდივანი პეტერი ტაალასი.

ტაალასის აზრით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისგან ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის სიდიდე მიმდინარე 2020 წელს მხოლოდ 4-7%-ით შემცირდება.

WMO-ს ატმოსფერული და გარემოს კვლევითი განყოფილების უფროსმა ოქსანა ტარასოვამ ჟენევაში კონფერენციაზე განაცხადა, რომ პანდემიამ მოგვაჩვენა, თითქოს მსოფლიოში ემისიების დიდი ნაწილი შეჩერდა, თუმცა ეს ასე არაა, გაფრქვევების სიდიდე მზარდი და შეუჩერებელია, რადგან იზოლაციამ გამოიწვია მხოლოდ მობილობის შემცირება, სრული ენერგიის მოხმარება კი — ვერა.

ტარასოვა ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის მაგალითის განხილვისას ატმოსფეროს აბაზანას ადარებს, რომელიც ყოველწლიურად ივსება და ნახშირბადის ერთი წვეთიც კი მის დონეს ამაღლებს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაფრქვევების შემცირება აბაზანის ონკანის ჭავლის სულ მცირედით შემცირების ტოლფასია — ამბობს იგი. 

„CO₂-ის ის მოცულობა, რომელიც ატმოსფეროში გვაქვს, 1750 წლიდანაა დაგროვებული, ასე რომ ნებისმიერი ერთეულით მისი გაზრდა დღევანდელ კონცენტრაციაზე მოქმედებს. ეს არ ხდება დღეს და ხვალ, ეს მთელი ისტორიაა, რომელმაც 410-იან დონემდე მიგვიყვანა“ — ამბობს ტარასოვა.

ნახშირბადის დიოქსიდის დონე 2019 წელს 2.6 ppm-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი უკანასკნელი ათწლეულის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე – 2.37 ppm-ზე მეტია და 48%-ით აღემატება იმ დონეს, რომელიც პრეინდუსტრიულ პერიოდში იყო.

მსოფლიო 2015 წელს პარიზში შეთანხმდა, რომ ეცდებოდა შეეჩერებინა გლობალური ტემპერატურის ზრდა ისე, რომ პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით 1.5ºC-ზე მეტად არ გაზრდილიყო. პროფესორ ტაალასის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მსოფლიო ნახშირიდან, ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან გადავიდეს მზის, ქარის და ატომურ ენერგიაზე, რომლებიც ნაკლებ დაბინძურებას იწვევს და პარალელურად, ტრანსპორტირებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ელექტრო, ბიოსაწვავსა და წყალბადზე მომუშავე მანაქანებსა და ველოსიპედებს.


წყარო: https://news.un.org/en/story/2020/11/1078322


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: COVID-19 და მდგრადი განვითარების მიზნები.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი არის პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდისა და მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაცია, oikos Tbilisi-ის წევრი. ბექა ქართული ვიკიპედიის რედაქტორია 2014 წლიდან და შემმოწმებელი — 2018 წლიდან. ის ასევე „ვიკიმედია საქართველოს“ საერთო ფორუმის წევრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *