კორონა ვირუსი და ეკონომიკა

კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 2021 წლამდე გასტანს. მომავალი წლიდან მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. კონკრეტულად, როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა?

მსოფლიო ბანკმა 8 აპრილს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების სავარაუდო სცენარი განიხილა.1 რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პროგნოზი გამოაქვეყნა აზიის განვითარების ბანკმაც.2 ორივე ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კოეფიციენტი ნულს მიუახლოვდება. არის შანსი, რომ ის ნულს ქვემოთაც აღმოჩნდეს. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი შედარებით ოპტიმისტურია. ის ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკა 0%-იან ზრდის კოეფიციენტს დასჯერდება. მსოფლიო ბანკის ვარაუდით კი, ზრდის მაჩვენებელი -4.4  და -2.8  პროცენტს შორის მოექცევა. 2021 წლისათვის მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება ჩვეულ ზრდას. ნავარაუდებია, რომ ზრდამ შესაძლოა 4.5%-საც მიაღწიოს.2

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმა მშპ-ის დაახლოებით 2%-ით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებითა და სოციალური ხარჯების ზრდით რამდენადმე შეამსუბუქებს კრიზისის გავლენებს, მაგრამ, სანაცვლოდ, ფისკალური დეფიციტი დაახლოებით 5.2%-ს გაუტოლდება.3

„მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.3

კორონავირუსი და მდგრადი განვითარება

ეკონომიკური კრიზისის გადალახვის შემდეგ სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად გადაიხედება მდგრადი განვითარების როლი მთლიანად მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. ვირუსის გამო გაჩერებულმა ქვეყანამ დაგვანახა, რამდენად დიდია ადამიანის ზემოქმედება დედამიწაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე. ერთი მხრივ, ნათელია, რომ გაჩერებული ეკონომიკა განსაკუთრებული საფრთხეა თანამედროვე მსოფლიოსთვის და მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ გარემოზე სწორხაზოვანი და არამდგრადი ეკონომიკის ზემოქმედება მკვეთრად უარყოფითი და განსაკუთრებულად მაღალია, ვინაიდან რესურსების არამდგრადი გამოყენება კრიზისულ სიტუაციებში დიდ დეფიციტებს იწვევს.

ძალიან კარგი მაგალითია პირბადეები და სხვა პირადი დაცვის საშუალებები. ისინი, უმეტესად, ერთჯერადი გამოყენებისაა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურ საქონლად იქცა. გარდა ამისა, air-quality.com-ის მონაცემებით (ნახაზზე)4, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ეს ფაქტი ადამიანის საქმიანობის  დიდ ზეგავლენაზე მიუთითებს. კრიზისის შემდეგ საქართველო, სასურველია, დაფიქრდეს აღნიშნულ მონაცემებზე და კურსი ერთმნიშვნელოვნად მდგრად განვითარებაზე აიღოს. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი დღევანდელის მსგავსად უნდა გაჩერდეს. მრავალ დარგში შესაძლებელია ისეთი ალტერნატიული მიდგომების მოძიება, რაც უზრუნველყოფს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე რესურსების ეფექტიან გამოყენებას, გაუმჯობესებული გარემო-პირობების პარალელურად.


სქოლიო

1. მსოფლიო ბანკის ოფიციალური საიტი
2. აზიის განვითარების ბანკის ოფიციალური საიტი
3. მსოფლიო ბანკის ანგარიში, კორონავირუსის გავლენა (ქართული)
4. air-quality.com, ინფორმაცია თბილისის შესახებ

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami