წრიული ეკონომიკა

წრიული ეკონომიკა – ბიზნეს მოდელზე მოქმედი ძირითადი გარე და შიგა ფაქტორები

წრიული, იგივე ცირკულაური ეკონომიკური მოდელი არის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოტენციური ბერკეტი, რომელსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს ბიზნესის ზემოქმედება გარემოზე დადებითი მიმართულებით და ამასთანავე, არ დაზარალდეს მისი ბიზნეს ინტერესები. ისევე როგორც ნებისმიერი ეკონომიკური მოდელის შემთხვევაში, წრიული ეკონომიკის მოდელიც დამოკიდებულია იმ გარე და შიგა ფაქტორებზე, რომლებიც მიკროეკონომიკურ გარემოზე ზემოქმედებენ. წრიული ეკონომიკის მოდელი მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, საინტერესოა განვიხილოთ მასზე მოქმედი ზემოთ აღნიშნული ფაქტორები.

გარე ფაქტორები

რაიმე პოლიტიკის გატარებისათვის გარე ფაქტორებსა და რეგულაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს [1] [2]. ფირმები გადაწყვეტილებებს გარე ძალების ზეწოლითა და მიღებული ინფორმაციის მეშვეობით იღებენ. მაგალითად, ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ფირმის საქმიანობისგან გარეთ მყოფ მოთამაშეებს, რომელთა შორისაა საჯარო პოლიტიკის გამტარებლები, კონკურენტები, პროდუქტის მიმწოდებლები, ინდუსტრიული ასოციაციები, სადაზღვევო ფირმები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, მას. მედია, საჯარო და კერძო კვლევითი ცენტრები და ფინანსური ინსტიტუტები. [3] ზოგადად, ეკოლოგიურ ინოვაციებზე მსგავსი ფაქტორების მოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, წრიული ეკონომიკის დანერგვისა და განვითარების შემთხვევაშიც, გარე ფაქტორების როლი მნიშვნელოვნად დიდია. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარე ფაქტორი:

  • რეგულაციები

საჯარო პოლიტიკა და განსაკუთრებით გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები, ხშირად, ბიზნესში გარემოს დაცვითი ინოვაციების დანერგვისათვის ყველაზე ძლიერ მაიძულებელ ფაქტორად მიიჩნევა და იგივე ეფექტი იქნება წრიული ეკონომიკის ბიზნეს მოდელების გამოყენების პოპულარიზების სურვილის შემთხვევაში. საზოგადოებრივი პოლიტიკის გატარების შედეგიანობა დაკავშირებულია ე.წ. სამმაგი ექსტერნალიზმის პრობლემასთან, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებების თანხვედრაში მოყვანის სირთულეს. ეს სირთულე, როგორც წესი, თან ახლავს ეკოლოგიურ პოლიტიკას და გამონაკლისი არც წრიული ეკონომიკა იქნება [4] [5].  არსებობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ორი ძირითადი სახე. პირველს ეწოდება „ბრძანება და კონტროლის“ მეთოდი, რომელიც გულისხმობს გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური სტანდარტების დაწესებას და კონტროლის მექანიზმის შექმნას. მეორე სახე კი „საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული“ მეთოდია, რომელიც ითვალისწინებს გადასახადებს, სუბსიდიებს, გრანტებს ან ემისიების კვოტირებას. რეგულაციების პოლიტიკათა წარმატებისათვის აუცილებელია სპეციფიკური ინსტრუმენტებისა და უკვე არსებული ჩარჩო პოლიტიკის ჩამოყალიბებულობის დონე (გრძელვადიანი მიზნები და პოლიტიკური სტაბილურობა) [6].

  • მომხმარებლები

გარემოსდაცვით საკითხებში გათვითცნობიერებულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვას. ეს შესაძლებელია მომხმარებლის მხრიდან ისეთი პროდუქტისა და მომსახურების მოთხოვნის ზრდით, რომელიც წრიული ეკონომიკის მოდელის პირობებში შეიქმნა. მომხმარებლის ეფექტის სიძლიერეზე დღემდე მნიშვნელოვანი დავა მიმდინარეობს [7].

  • სხვა დაინტერესებული მხარეები: ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.

თუ ფინანსური ინსტიტუტები სესხების გაცემისას უპირატესობას მიანიჭებენ გარემოსდაცვით პრაქტიკებზე დაფუძნებულ პროექტებს, წრიული ეკონომიკის დანერგვის პროცედურა უფრო მეტად გამარტივდება.

შიგა ფაქტორები

წრიული ეკონომიკის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია შიგა ფაქტორებიც. ისინი მოქმედებენ ბიზნესზე ენდოგენურად და განაპირობებენ აღნიშნული მოდელის დანერგვის სიმარტივეს ან სირთულეს.

სამართლიანია აღვნიშნოთ, რომ კორპორატიული გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მხარდამჭერი ლიტერატურა დიდი ხნის წინათვე აღნიშნავდა, რომ პროაქტიული გარემოსდაცვითი სტრატეგია აუცილებელია ეკო-ინოვაციების დანერგვისათვის და ბიზნესის უარყოფითი გავლენის შეჩერებისთვის [8] [9]. თუმცა, მსგავსი სტრატეგია ნებისმიერ სიტუაციაში შეზღუდულია და დამოკიდებულია კომპანიის რესურსებზე [9].

განვიხილოთ რამდენიმე საკვანძო შიგა ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს წრიული ეკონომიკის ბიზნესში დანერგვის პროცესზე:

  • ცოდნა და ადამიანური რესურსი

ფირმები, რომლებსაც მეტად საფუძვლიანად განათლებული ადამიანური რესურსი აქვს, უფრო მეტად შეძლებენ წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვას საქმიანობაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფართო სპექტრის, საფუძვლიანი განათლების ადამიანს სიახლეების მიღება შედარებით მარტივად შეუძლია [7]. ასევე მნიშვნელოვანია კვლევებზე და განვითარებაზე (R&D) დახარჯული თანხები, რადგან ახალი ტექნოლოგიები ამარტივებს წრიული ეკონომიკის პრინციპების განხორციელებას. სწორად გამოყენებული მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიები დადებითად მოქმედებს ზოგადად მდგრად განვითარებაზე და წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვაზეც [10].

  • ფინანსური რესურსები

ბიზნესის ფინანსური სიჯანსაღე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობას. ფინანსები, შესაძლებელია, საჭირო იყოს ახალი აღჭურვილობის შესაძენად ან წარმოების შიგა პროცესის ცვლილების დასაფინანსებლად.

  • ფიზიკური რესურსები

არსებული მატერიალური ბაზის ცვლილება წრიულ ეკონომიკაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ მატერიალურ ბაზაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო, ეს ფაქტორი ხელშემშლელად იქცევა, თუ პირიქით — დაეხმარება ბიზნესს წრიული ეკონომიკის მოდელზე გადასვლაში. ფაქტორის მოქმედების დადებითობა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ბაზაში საჭირო ცვლილების ხარისხთან.

  • რეპუტაცია

თუ ფირმას კარგი რეპუტაცია აქვს, მარტივია მის ბიზნეს საქმიანობაში წრიული ეკონომიკის დანერგვა. ცუდი რეპუტაციის ფირმას გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ რეალურად მდგრად მოდელს იყენებს და მისი აქტივობები ჩაითვლება გრინვოშინგად, რის გამოც წრიული ეკონომიკის მოდელის ადაპტაცია გართულდება.

  • ტოპ მენეჯმენტის მოტივაცია და მიდგომა

გარემოსდაცვით დაინტერესებულ მენეჯერებს აქვთ მეტი პოტენციალი, წრიული ეკონომიკა საკუთარ ბიზნესში დანერგონ და მაქსიმალურად შეამცირონ უარყოფითი გავლენა.

  • კოორდინაცია

ქსელურობა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირი მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობა წრიული ეკონომიკის დანერგვის პროცესში.

კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტში წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვისთვის ნებისმიერი შიგა თუ გარე ფაქტორის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. სუბიექტი უნდა იყოს მზად, რომ მოუწევს არაერთი ბარიერის გადალახვა და პარალელურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ორგანიზაციულ სტრუქტურაში.

გამოყენებული ლიტერატურა

[1]N. Ashford, C. Ayers and R. Stone, Using regulation to change the market for innovation, 1985.
[2]S. Bhatnagar and M. Cohen, The impact of environmental regulation on innovation: a panel, 1997.
[3]P. del Río, Analysing the factors influencing clean technology adoption: a study of the, 2005.
[4]P. del Río, Public policy and clean technology promotion. The synergy between environmental economics and evolutionary economics of technological change, 2004.
[5]K. Rennings, Redefining innovation—eco-innovation research and the contribution from ecological economics, 2000.
[6]P. del Río, C. Kiefer, J. Carrillo-Hermosilla and T. Könnölä, The Circular Economy Economic, Managerial and Policy Implications, Springer Nature Switzerland, 2021.
[7]P. del Río, What drives eco-innovators? A critical review of the empirical literature based on econometric methods., 2016.
[8]J. Aragón-Correa and E. Rubio-López, Proactive corporate environmental strategies: myths and misunderstandings, 2007.
[9]P. Berrone, L. Gelabert, A. Fosfuri and L. Gomez-Mejia, Can institutional forces create competitve advantage? An empirical examination of environmental innovation., Madrid, 2007.
[10]ბ. ბაიაშვილი, “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და წრიული ეკონომიკა,” 8 მარტი 2021. [Online]. Available: https://sustainability.ge/4ir-ce/. [Accessed 21 ოქტომბერი 2021].

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელები მსოფლიოსა და საქართველოში

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.