წრიული ეკონომიკის

მდგრადი განვითარებისა და წრიული ეკონომიკის შედარებითი ანალიზი

მდგრადი განვითარებისა და წრიული ეკონომიკის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები


მაინც, რა აკავშირებს მდგრად განვითარებასა და წრიულ ეკონომიკას? ამ საკითხზე არაერთი ლიტერატურა საკუთარ, ხშირად სუბიექტურ, მოსაზრებას ავრცელებს. ჩვენ ვეცდებით განვიხილოთ რამდენიმე მათგანი და მცირე კომენტარებიც შემოგთავაზოთ.

კვლევაში გამოყენებულ ლიტერატურებზე დაყრდნობით, ცხრილი 1 გვიჩვენებს წრიულ ეკონომიკასა და მდგრად განვითარებას შორის არსებულ ძირითად მსგავსებებს. ორივე მათგანი თაობებს შორის ურთიერთვალდებულებებს წინა პლანზე აყენებს, კერძოდ,  დღევანდელი თაობის მოხმარების სიდიდე მომავალ თაობათა შიმშილისა და სხვა საზოგადოებრივი პრობლემების მიზეზი არ უნდა გახდეს. აუცილებელია გონივრული მოხმარების დონის შერჩევა და უკვე მოხმარებული რესურსებისგან პოტენციური დამატებითი სარგებლის პოვნა და გამოყენება.

გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) მდგრადი განვითარების ჩვიდმეტი ძირითადი და მისი შემადგენელი არაერთი ქვე-მიზნის, ასევე, ევროკავშირის ახალი წრიული ეკონომიკის პოლიტიკის (EU, 2020) საფუძველზე ვასკვნით, რომ საზოგადოება თანხმდება, განხილული მოდელების შემადგენელი ნაწილების მრავალრიცხვოვნობასა და მათი განვითარების თანადროულობის აუცილოებლობაზე. ორივე პოლიტიკა მოიცავს მთელ დედამიწას და შესაბამისად, შესაძლებელია მათთვის გლობალური სტატუსის მინიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მოდელს მრავალდისციპლინური კვლევის თემატიკა აქვს, ისინი მოითხოვენ საზოგადოების უმრავლესობის თანამშრომლობასა და არაეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებას. მოდელების ძირეული მიზნების აღსასრულებელ ბერკეტებად კი ბერკეტებად კი საერთაშორისო დონეზე მიჩნეულია რეგულაციები და სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობა.

ცხრილი 1. წრიული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოდელებს შორის მსგავსებათა ჩამონათვალი
წრიული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მსგავსებები
1. თაობათაშორისი ვალდებულება გათვალისწინებულია.
2. მრავალმხრივი და თანადროული განვითარების მიდგომა აუცილებელია.
3. ორივე გლობალური მოდელია.
4. მოდელები განვითარებაში რთავენ არაეკონომიკურ ასპექტებს.
5. დამახასიათებელია საკვლევი თემატიკის მრავალდისციპლინალურობა.
6. საზოგადოების ყველა წევრის თანამშრომლობა აუცილებელია.
7. აღსრულების ძირითადი მეთოდები ორივესათვის რეგულაციები და სხვადასხვა წამახალისებლებია.
            წყარო: (Geissdoerfer, Bocken, Savaget, & Hultink, 2017).

ლიტერატურის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ზოგიერთი კვლევა წრიულ და მდგრად მოდელებს შორის გარკვეულ განსხვავებებსაც პოულობს. მაგალითად, განსხვავებები შეინიშნება საწყისებში, მიზნებში, მოტივაციაში, აღმასრულებელ ინსტიტუციებში, ბენეფიციარებში, შესაძლებლობასა და დროის ასპექტებში.

ზოგიერთი ავტორის აზრით, წრიული ეკონომიკის პოლიტიკის მიზნები კონკრეტული და შეუცვლელია მაშინ, როდესაც მდგრადი განვითარების ძირითად მიზნებს დროში უსასრულოდ განვითარებადად მიიჩნევენ. ჩემი აზრით, მსგავსი შეხედულება ძირეულად არასწორია, რადგან წრიული ეკონომიკის მოდელის შემადგენელი ნაწილების ბრუნვადობა სულაც არ ნიშნავს მისი კონცეფციის შეუცვლელობას. მისი მიღწევის გზებიც ისეთივე ფართო, მრავალფეროვანი და მუდმივ ცვალებადია, როგორც მდგრადი განვითარების შემთხვევაში.

მსგავსი კრიტიკით შემიძლია შევხვდე საწყისების, როგორც განმასხვავებლის განხილვას (იხ. (Geissdoerfer, Bocken, Savaget, & Hultink, 2017). მართალია, რომ უშუალოდ მოდელების ჩამოყალიბების პროცესი დროში აცდენილია და წრიული ეკონომიკა შედარებით ახალ კონცეფციად ითვლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ განმასხვავებელ ნიშნად საწყისები მივიჩნიოთ. ამ ორი მოდელის ჩამოყალიბების ძირითადი მიზანი ერთია და მოიცავს საზოგადოებრივ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ასპექტებს. აქედან გამომდინარე, დასკვნა, თითქოს მდგრადი განვითარების რელსებზე გადასვლა მოითხოვს მსოფლიოს მთელი მოსახლეობის (Bocken, 2015), ხოლო წრიული ეკონომიკა მხოლოდ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის ჩართულობას (Webster, 2015), არასწორია ან ავტორთა მოსაზრებების დამახინჯებული ინტერპრეტაციაა.          

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ ორ მოდელს შორის განსხვავებების ძიება უბრალოდ უსაფუძვლოა, რადგან ისინი არ გამორიცხავენ ურთიერთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი გვთავაზობენრაიმე განსხვავებულ მეთოდს ან მიდგომას, ისინი ერთმანეთის ურთიერთშემავსებლებად გვევლინებიან.


კავშირის ფორმები მდგრადი განვითარებისა და წრიული ეკონომიკის მოდელებს შორის 


სხვადასხვა ლიტერატურაში წრიულ ეკონომიკასა და მდგრად განვითარებას შორის სხვადასხვა ტიპის კავშირია წარმოჩენილი, რომელთა ძირითადი ნაწილიც წარმოდგენილია ცხრილში 2.2.

არაერთი წყაროს მიხედვით, ამ მოდელებს შორის არსებობს უშუალო პირობითი კავშირი, რომელიც შესაძლოა იყოს სუსტი (Läpple, 2007; Rashid, 2013), ძლიერი (Bakker & Hollander, 2014; UNEP, 2006) და არასაკმარისი (Nakajima, 2000).

ცხრილი 2.2. კავშირის სახეები წრიულ ეკონომიკასა და მდგრად განვითარებას (მგ) შორის
წყარო: (Geissdoerfer, Bocken, Savaget, & Hultink, 2017).

გარდა ამისა, სხვადასხვა ლიტერატურაში კავშირი ზემოაღნიშნულ მოდელებს შორის დანახულია, როგორც ურთიერთსასარგებლო, ან უკიდურესად ქვესიმრავლური. არის მოსაზრებები, რომ მდგრად განვითარებასა და წრიული ეკონომიკის ფუნდამენტებს შორის საზოგადოებას გარკვეული არჩევნის გაკეთება მოუწევს რადგან ეს ორი მოდელი ურთიერთდამთმობ (კომპრომისულ) კავშირშია.


გამოყენებული ლიტერატურა

  • Allwood, J., & Cullen, J. (2012). Sustainable materials: With both eyes open. Cambridge: UIT Cambridge Ltd.
  • Andersen, M. (2007). An introductory note on the environmental economics of the circular economy.
  • Bakker, C., & Hollander, M. (2014). Products That Last – Product design for circular business models. Delft.
  • Bocken, N. (2015). Value mapping for sustainable business thinking.
  • EU. (2020). A new Circular Economy Action Plan For a cleaner and more competitive Europe. Brussels.
  • European Commission. (2015). Closing the loop – An EU action plan for the Circular Economy. Brussels: European Commission.
  • Geissdoerfer, M., Bocken, N., Savaget, P., & Hultink, E. (2017). The Circular Economy – A new sustainability paradigm? Journal of Cleaner Production, 757–768.
  • Läpple, F. (2007). Abfall- und kreislaufwirtschaftlicher Transformationsprozess in Deutschland und in China: Analyse, Vergleich, Übertragbarkeit. Heidelberg: Universität Heidelber.
  • Murray, A., & Skene, K. (2015). The Circular Economy: An Interdisciplinary Exploration of the Concept and Application in a Global Context.
  • Nakajima, N. (2000). A Vision of Industrial Ecology: State-of-the-Art Practices for a Circular and Service-Based Economy.
  • OECD. (2009). Sustainable Manufacturing and Eco-Innovation: Framework, Practices and Measurement. Paris: Organisation for Economic Cooperation and Development.
  • Rashid, A. (2013). Resource Conservative Manufacturing: an essential change in business and technology paradigm for sustainable manufacturing.
  • Seliger, G. (2007). Sustainability in manufacturing: Recovery of resources in product and material cycles. Heidelberg.
  • UNEP. (2006). Circular Economy. An alternative model for economic development. United Nations Environment Programme.
  • Webster, K. (2015). The Circular Economy: A Wealth of Flows. Ellen MacArthur.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე კლიმატის ცვლილების ეკონომიკური გავლენა საქართველოში.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami